საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მცხეთის რაიონული ცენტრს ახალი ადმინისტრაციული შენობა გადაეცა და სასწრაფოს ორი ავტომობილი უახლესი, ევროსტანდარტების შესაბამისი სპეცმანქანით ჩანაცვლდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში აცხადებენ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული ფართი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და სრულად არის აღჭურვილი როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომპიუტერული ინვენტარით. მათივე ცნობით, ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. სამედიცინო სახარჯი მასალის შენახვისთვის კი, სპეციალური ოთახია გამოყოფილი. ხოლო შენობის გარე პერიმეტრი, სასწრაფოს ავტოპარკის განსათავსებლად არის მოწყობილი.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.
დღეისთვის, ახალ შენობებში განთავსებულია ფოთის, ბორჯომის, ხონის, ქობულეთის, საჩხერის, ახალციხის, თელავის, ჩოხატაურისა და აბაშის რაიონული სამსახურები.