ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა გუდამაყრის ქ. #4-ში, წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიურები და დაიგო ორი ფენა ასფალტის საფარი 1935 კვ.მ ფართობზე.
„ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც კლინიკის პაციენტებისა და პერსონალისთვის, ისე შენობის მეორე ნაწილში მცხოვრები მოსახლეობისთვის. შენობაში 120 ოჯახი ცხოვრობს, დევნილები და სოციალურად დაუცველები. დღეიდან მათი საცხოვრებელი გარემო ბევრად გაუმჯობესდება. ასევე ვგეგმავთ პროექტის მეორე ნაწილის განხორციელებას და დარჩენილი წრიული გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ.
კარდიოლოგიური ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 155 000 ლარი გამოიყო.