ბოლო 4 დღის განმავლობაში შემოწმებული 24 მშენებლობიდან, შრომის პირობების დარღვევის გამო, 11 შეჩერდა და ჯამში 330 000 ლარით დაჯარიმდა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ბექა ფერაძის თქმით, ჯარიმა თითოეული ობიექტისთვის 30 000 ლარით განისაზღვრა.
“უკვე მეოთხე დღეა ერთობლივი ინსპექტირება დავიწყეთ. 24 მშენებლობა შემოწმდა, რომელთაგან 11 მუნიციპალურმა ინსპექციამ დააჯარიმა და შეაჩერა. დანარჩენებზე გაიცა მითითებები და მათი გადამოწმება კვლავ მოხდება 10 დღის შემდეგ და თუ დარღვევები არ იქნება აღმოფხვრილი, დაჯარიმდებიან. ამ პროცესის მიზანია, რომ მაქსიმალურად მოხდეს პრევენცია, რათა ჩვენ დავიცვათ დასაქმებული სამუშაო ადგილზე”, – აცხადებს ბექა ფერაძე.
ამასთან, როგორც ფერაძემ ამბობს, მხოლოდ შრომის ინსპექციამ მიმდინარე წელს 68 სამშენებლო ობიექტი შეამოწმა და აქედან 50-მდე მათგანს სამუშაო პროცესი შეუჩერდა.