ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში სპორტულ მოედანს ოკუპირებულ ცხინვალში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის სახელი დაერქმევა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ამასთან, სახელის მინიჭებამდე სტადიონის შემოსაღობად 47 113 ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო წინადადებების მიღება უკვე დასრულდა, ტენდერში მონაწილეობა სულ სამმა კომპანიამ მიიღო, აქედან ორს ტექნიკური ხარვეზების გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა, ხოლო მესამე ინდმეწარმეს, მალხაზ მაღრაძეს, რომელიც სამუშაოებს 38 990 ლარად შეასრულებს ხელშეკრულება გაუფორმდება.
ტატუნაშვილის დედა სოფელ ივლიტადანაა.
არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 22 თებერვალს დააკავეს, 23 თებერვალს გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. თუმცა, მისი გადმოსვენების შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლულია.