თბილისის საკრებულომ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ წარდგენილი თბილისის ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, სამოქმედო გეგმა ნარჩენების წარმოქმნის შემცირების ხელშეწყობას, ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების მოწესრიგებული სისტემის განვითარებას, სეპარაციაზე ეტაპობრივ გადასვლას, ნაგავმზიდი მანქანების ქაოტური გადაადგილების აღმოფხვრას, კონტეინერების დამატებით განთავსებას, ინერტული და სხვა სამშენებლო ნარჩენების სწორად მართვას, ასევე, დანაგვიანებაზე კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს.
საკრებულოს ცნობით, ამ პროცესებში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებსაც. ამ მიზნით თბილისში სხვადასხვა მისამართზე უკვე განთავსდა სეპარირების სტენდები და ურნები, სადაც ხდება ნარჩენების დახარისხება. გარდა ამისა, ჭავჭავაძის გამზირის მიმდინარე რეაბილიტაციის ფარგლებში, უკვე გათვალისწინებულია სეპარირების მიწისქვეშა ურნები.
5-წლიანი სამოქმედო გეგმის პარალელურად, მუნიციპალიტეტი იწყებს 15-წლიან სტრატეგიაზე მუშაობას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში დანერგავს ნარჩენების მართვის თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მოდელს.
გეგმის დამტკიცების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, სამოქმედო გეგმა გამოქვეყნდა მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში, სადაც, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო გამოეთქვა თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები. გარდა ამისა, საკრებულოს მხარდაჭერით მოეწყო გეგმის საჯარო განხილვა.
მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმის პროექტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით, CENN-ის ორგანიზებით, USAID-ის მიმდინარე პროგრამის – ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“ ფარგლებში მომზადდა.