თბილისში ავტომობილების ქუჩებში უფასოდ პარკირება, შესაძლოა, აიკრძალოს

1765

თბილისში ავტომობილების ქუჩებში უფასოდ პარკირება, შესაძლოა, საერთოდ აიკრძალოს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში “სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძემ განაცხადა.

როგორც აბესაძემ განაცხადა, აღნიშნულ რეკომენდაციას მერიას კომპანია “სისტრა“ აძლევს და ურჩევს, რომ თუკი ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე პარკირებას დატოვებს, ის ფასიანი იყოს.

“დღეს ქალაქში პარკინგი ძალიან მოუწესრიგებელია. ვაჩერებთ იქ, სადაც მოგვინდება, რაც დამატებით ქაოსს ქმნის. როგორც კი ფასიანი პარკინგები შემოვა და ადამიანები ნახავენ, რომ ტროტუარზე მანქანას ვეღარ გააჩერებენ, მიეჩვევიან და კეთილს ინებებენ ჩვენი მძღოლები, გადაიხდიან პარკინგში საფასურს, ან არ წავლენ მანქანით. გარდა ამისა, ფასიანი პარკინგი შეიძლება კერძო ბიზნესისთვისაც საინტერესო გახდეს.

ახლა რამდენჯერმე გამოცხადებული ტენდერი თბილისის მერიას ჩაუვარდა, რადგან ინტერესთა გამოხატვა არ მოხდა. სანამ დაუსჯელად შეგვიძლია ყველგან გაჩერება, ფასიანი პარკინგის ბიზნესი თბილისში ვერ იმუშავებს.

ჩვენი მოსაზრებით, საინტერესო იქნება პარკინგის გაკეთება ფილარმონიასთან მიმდებარე მოედანზე, საინტერესო იქნება ვაკეში, პიქსელთან, გეგეშიძის ბაღთან, ასევე, ქალაქის ისტორიულ ცენტრში ნებისმიერ ადგილზე.

ჩვენ აქამდეც გვქონდა რეკომენდაცია, რომ ქუჩაში პარკინგებით დაკავებული ტერიტორია უნდა გამოთავისუფლდეს. საჭიროა ან მიწისქვეშა პარკინგი, ან რაიმე სხვა ტერიტორიაზე პარკინგი. გზისპირა და გზაზე პარკინგი უნდა დამთავრდეს ქალაქში, რათა დარჩეს საკმარისი ადგილი როგორც კერძო ავტომობილებისთვის, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.

პარკინგის მოწესრიგების ერთ-ერთი ინსტრუმენტი პარკომეტრია, თუ გვინდა პარკინგით სარგებლობა, უნდა გადავიხადოთ. მანქანის ყოლა ევროპაში ყველგან ძვირადღირებული სიამოვნებაა. თუ მანქანა გვინდა, უნდა გადავიხადოთ, თუ არა, უნდა ვიაროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ავტომობილით გადაადგილდება და მეც უწესო ვარ, არ ვითვალსწინებ ქალაქში არსებულ მდგომარეობას. მაგრამ რომ მოწესრიგდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეც გადავჯდები და არ ვისარგებლებ კერძო ავტომობილით“, – განაცხადა აბესაძემ.