მთლიანობაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჯამური ბიუჯეტი წელს ექვსი თვის მონაცემებით, 100 პროცენტის გადაჭარბებით შესრულდა. ექვსი თვის მონაცემებით, 183 მილიონი ლარით მეტი პროექტი დაფინანსდა, ვიდრე წინა წელს და ვიდრე ოდესმე ყოფილა დაფინანსებული, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მაია ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე სამინისტრო უფრო მეტი პროექტის შესრულებას შეძლებს, რადგან მომავალში უწყებას ამბიციური გეგმები აქვს. მისივე თქმით, აღნიშნული შესაძლებელი გახდა იმ სისტემური ცვლილებების შედეგად, რომელიც პროექტების მართვის, შესყიდვების, დაგეგმარებისა და მონიტორინგის ნაწილში განხორციელდა.
“წელს რეგიონებში რეკორდული თანხა იხარჯება – 400 მილიონი ლარი. ეს არის მიმართული 6 700 პროქტის განხორციელებაზე და ყველა ეს პროექტი თვითმმართველობის მიერ ხორციელდება ჩვენი უშუალო მონიტორინგითა და ჩართულობით. უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის განსაკუთრებულად დიდი მოცულობა, რომელიც ჩვენ ჯერ არასდროს გვქონია. ექვსი თვის მონაცემებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდებიდან შესრულების დინამიკა არის ბევრად უფრო კარგი. უკვე ექვსი თვის განმავლობაში შარშანდელთან შედარებით სამჯერ უფრო მეტი თანხაა დახარჯული ფონდებიდან, რაც სამჯერ მეტ შესრულებულ პროექტს ნიშნავს.
გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა ბევრი სიახლე მუნიციპალიტეტებში. ეს იყო, სკოლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რომელზეც 40 მილიონი ლარის ოდენობის თანხა იყო წლის განმავლობაში გამოყოფილი. 642 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს უშუალოდ მუნიციპალიტეტების მიერ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული მოცულობა ამ პროექტების, რადგანაც დამატებით კიდევ მუნიციპალური განვითარების ფონდი და სამინისტრო ახორციელებენ პროექტებს“,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.