თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ავტობუსის ზოლები შუაში განთავსდება, გზის ორივე მხარეს კი ველობილიკები მოეწყობა. ამის შესახებ მან ფეისბუქლაივში ისაუბრა.
როგორც ცნობილია, მერიამ სპეციალურად დაიქირავა კომპანია “სისტრა”, რომელიც ქალაქში სატრანსპორტო ქსელის მოწესრიგების მიზნით, შეისწავლის და გეგმავს, თუ როგორ უნდა იყოს კონკრეტული ქუჩები მოწყობილი, როგორ უნდა გადაადგილდებოდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორ უნდა იყოს კვეთაში მეტროსთან და მიკროავტობუსებთან იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა სწრაფი და კომფორტული გახდეს.
კალაძის თქმით, ჭავჭავაძის ქუჩა სხვა ქუჩებისგან რადიკალურად იქნება განსხვავებული.
“კომპანია სისტრამ, რომელიც მუშაობს ჭავჭავაძის გამზირთან დაკავშირებით, მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ავტობუსის ზოლები ქუჩის შუა ნაწილში იქნება განთავსებული. შესაბამისად, ასევე, მოეწყობა ინფრასტრუქტურა, თავისი გაჩერებებით, ამრიდი ზოლებით, ზებრა გადასასვლელებით, რომ ადამიანებმა, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებენ, შეძლონ გაჩერებებიდან ქუჩის ერთ ან მეორე მხარეს გადასვლა”, — თქვა კალაძემ.
კალაძე ამბობს, რომ ამგვარი მოძრაობა შეფერხებებს არ გამოიწვევს.
სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს ჭავჭავაძის გამზირი ვიზუალურად, ამის ამსახველი ფოტო “არქიტექტურულმა ფორუმმა” საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა, სურათი არ წარმოადგენს ჭავჭავაძის გამზირის პროექტის ილუსტრაციას.
კიდევ ერთი სიახლე, რაც ჭავჭავაძის გამზირს სხვა ქუჩებისგან გამოარჩევს, ის არის, რომ ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნები მიწის ქვემოთ განთავსდება. ამასთან, მოხდება ნარჩენების სეპარირება, რისთვისაც გამზირზე შესაბამისი ურნები განთავსდება.
დღეისათვის ჭავჭავაძის ქუჩაზე უკვე დასრულებულია საკანალიზაციო სისტემის გამოცვლა. კალაძის ინფორმაციით, მომდევნო კვირის ბოლოდან ჭავჭავაძის გამზირის ნაწილზე, ვარაზის ხევიდან, უკვე საგზაო სამუშაოები დაიწყება.