მრგვალ ბაღში პატარა პრინცის ქანდაკება და შადრევანი ახალ სიცოცხლეს იწყებს. ქანდაკება, რომელიც სკულპტორმა ირაკლი ჟვანიამ 1999 წელს შექმნა, მრავალი წლის განმავლობაში მიუხედავი და დაზიანებული იყო.
“პატარა პრინცი” მრგვალ ბაღში 1999 წლის იანვარში დაიდგა. სამ წელში კი, 2002 წელს, ის გაძარცვეს. შემდეგ დააზიანეს, შემდეგ ისევ გაძარცვეს. 17 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ მის რესტავრაციას ირაკლი ჟვანია მუდმივად ითხოვდა, “პატარა პრინცი” მაინც უპატრონოდ ეგდო და მის აღდგენაზე არავინ იზრუნა.
20-წლიანი პაუზის შემდეგ, დედაქალაქის მერიამ მრგვალი ბაღის რეაბილიტაცია გადაწყვიტა, რაც, თავისთავად, ქანდაკების და შადრევნის რესტავრაციასაც ითვალისწინებდა. სამუშაოები 2019 წლის აპრილში დაიწყო, თუმცა, აღდგენის ნაცვლად, მუშებმა “პატარა პრინცი” ისევ დააზიანეს, რის შესახებაც ირაკლი ჟვანიამ სოციალურ ქსელში დაწერა და დედაქალაქის მერს მიმართა, ჩაერთოთ რესტავრაციის პროცესში.
მალევე კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ კონტრაქტორი კომპანია ვალდებულებებს არ ასრულებდა და მას მერია ხელშეკრულებას შეუწყვეტდა.
“მრგვალ ბაღში არსებული მდგომარეობა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. არავინ მუშაობს, არის 1-2 მუშა საწყლად, დაათრევენ ამ ქვებს ხან – იქეთ , ხან – აქეთ. გადათხრილი და გადანგრეულია ყველაფერი. ასე გაგრძელება ჩვენთვის მიუღებელია. კომპანიას არ აინტერესებს არც ქალაქის მთავრობა, არც მერია, მაგრამ ჩემთვის თბილისის მოსახლეობა ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისელების ფეხებზე დაკიდების უფლებას არავის მივცემ. იმოქმედეთ მარტივად. ეს კომპანია ვერ და არ გააგრძელებს სამუშაოებს”,- განაცხადა მთავრობის სხდომაზე კალაძემ.
მრგვალი ბაღის რეაბილიტაციის პარალელურად, “პატარა პრინცის” რესტავრაციის პროცესში თავად მისი ავტორიც ჩაერთო.
შადრევნის აღდგენის პარალელურად, მრგვალ ბაღში სრულად შეიცვალა გარეგანათების სისტემა. მიწის ქვეშ მოექცა საკომუნიკაციო კაბელები, შადრევნის გარშემო ტერიტორიაზე დრენაჟის ფუნქციის მქონე, ბუნებრივი ქვების კომპოზიტური საფარი მოეწყო; დამონტაჟდა დეკორატიული სანათები და დაიდგა ბაღისთვის განკუთვილი ავეჯი.
დღეს, 20 საათზე, “პატარა პრინცის” ახალი სიცოცხლე დაიწყება.