საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, 7 მუნიციპალიტეტისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

835

საქართველოს 7 მუნიციპალიტეტში – დმანისში, მარნეულში, თეთრიწყაროში, წალკაში, ახმეტაში, საგარეჯოსა და ლაგოდეხში სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი მრავალეთნიკური თემების მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის პროექტის – “წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში, საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. პროექტს ევროკავშირის დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაცია CENN ახორციელებს.

როგორც CENN-ში განმარტავენ, პროექტის კონკრეტული მიზნებია სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ჯანმრთელობისა და სოციალური უფლებების დაცვა, მრავალეთნიკურ სოფლის თემებში ქალებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის გაზრდა, წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის (WASH) სტანდარტების დანერგვა და ცნობიერების ამაღლება წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე.

“საგრანტო კონკურსის მიზანია, სოციალურად დაუცველ თემებში და სამიზნე ობიექტებში (სკოლები, საბავშვო ბაღები, პირველადი ჯანდაცვის ცენტრები) სასმელ წყალზე, სანიტარიისა და ჰიგიენის სერვისებზე მცირე ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების გზით ხელმისაწვდომობა გაიზარდოს”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია: ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური კეთილდღეობა; განათლება და ცნობიერების ამაღლება; მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება; გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა (მაგ.: წყალშემკრები აუზი, ნარჩენების მართვა და სხვ).

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს, საქართველოში რეგისტრირებულ შემდეგ სუბიექტებს: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებს (არასამთავრობო ორგანიზაცია, ასოციაცია, ფონდი და ა.შ); სამიზნე მუნიციპალიტეტებში არსებული თვითმართველობის საჯარო სამართლის იურიდიული პირებს; სამიზნე მუნიციპალიტეტებში არსებული კულტურულ/საგანმანათლებლო ორგანიზაციებს; საინიციატივო ჯგუფებს.

ჯამში დაფინანსდება 7 ინიციატივა. დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა კი ცალკეული ინიციატივისთვის– 2,000 ევროს, ხოლო მინიმალური 500 ევროს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ განმცხადებლებს არ მოეთხოვებათ ფულადი თანამონაწილეობა.

განცხადებების წარდგენა შესაძლებელია 2019 წლის 7 აგვისტომდე.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.