100 წლის წინ მოხატული და 1 წლის წინ რეაბილიტირებული უნიკალური სადარბაზო თბილისში წყალმა ჩამორეცხა

3639

თბილისში 2000-მდე ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე სახლია, რომელიც ნელნელა იშლება და ნადგურდება, სიძველის, მოუვლელობის, დაუდევრობის თუ უხეში ჩარევების გამო. ასეთ სახლებში ადამიანები ცხოვრობენ. ერთი ასეთი ძველი და უკვე აღდგენილი ულამაზესი სახლი დგას აღმაშენებლის ქუჩის 93 ნომერში, რომლის ჭერი და კელდები 100 წლის წინ, 1904 წელს ზეთის საღებავით არის მოხატული. ეს სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამ ხელახლად გაცოცხლებულ, მოხატულ სადარბაზოში გუშინ ერთ საათზე მეტ ხანს წყალი ჩანჩქერივით ჩამოდიოდა, ერთერთ ბინაში წყლის გამაცხელებლის ავზის დაზიანების გამო.

ასე გამოიყურება აღმაშენებლის 93-ში ჩამორეცხილი სადარბაზო დღეს; ფოტოს ავტორი ლელო ნინოშვილი

ამ ფაქტის შემსწრე ადამიანების აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ მათ ყურადღება, თბილისის განვითარების ფონდის გარდა, არავინ მიაქცია. ამის შესახებ ინფორმაცია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ლელო ნინოშვილმა დაწერა.

“დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საგანგებო სიტუაციებში ისტორიული ძეგლის დაცვის არანაირი მექანიზმი არ მუშაობს ჩვენს ქალაქში!

ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან მოხატულ სადარბაზოში მაცხოვრებლის წყლის გაამცხელებელი ავზის დაზიანების მიზეზით ჩარჩქერი მოდიოდა პირდაპირ მოხატულ ჭერზე და კედლებზე, მესაკუთრე სახლში არ იყო და ტელეფონზეც არ გვპასუხობდა. ცენტრალური ვინტილის ადგილმდებარეობა კი დაზუსტებით არც ერთმა მაცხოვრებელმა არ იცოდა.

პატრული გამოვიძახეთ (ვიფიქრეთ, დაგვეხმარებიან-თქო), ცოტა ხანს გვიყურეს და ისე გაქრნენ, თვალიც ვერ მოვკარით. 112-ში დავრეკეთ (ვიფიქრეთ, მაშველს გამოვიძახებთ, კარს გააღებენ და წყალს გადავკეტავთ-თქო), ეგ ამბავი ჩვენ არ გვეხება, GWP-ში დარეკეთო; ცხელ ხაზზე 1-საათიანი უწყვეტი რეკვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ GWP-სთან რეკვას აზრი აღარ ჰქონდა, მაინც არ გვიპასუხებდა. ბოლოს ისევ ნაცნობობამ გაჭრა და მეგობრის დახმარებით GWP-ს ბრიგადამ მოაღწია ჩვენამდე და მოახერხა წყლის ცენტრალური ვინტილის გადაკეტვა.

ჩანჩქერი ნელ ნელა შეწყდა, მაგრამ, სანამ ჩვენ წყლის ვინტილის გადასაკეტად ვიბრძოდით, სადარბაზოს ჭერის და კედლის მხატვრობა ისე გაიჟღინთა წყლით და დაზიანდა, რომ წარმოდგენაც არ მინდა, გაშრობის შემდეგ რა იქნება.

ამ ამბავში ნამდვილად დიდი მადლობა ეკუთვნის თბილისის განვითარების ფონდს, დარეკვიდან 5 წუთში იქ გაჩნდნენ”, – წერს ნინოშვილი სოციალურ ქსელში.

დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საგანგებო სიტუაციებში ისტორიული ძეგლის დაცვის არანაირი მექანიზმი არ მუშაობს ჩვენს…

Posted by Lelo Ninoshvili on ოთხშაბათი, 17 ივლისი, 2019

თბილისის განვითარების ფონდის პრეს-სამსახურში droa.ge-ს განუცხადეს, რომ ამ შენობის და სადარბაზოს რეაბილიტაცია, პროექტის – “ახალი ტფილისის” ფარგლებში, გასულ წელს ჩატარდა და ის 315 133 ლარი დაჯდა.

“წელიწადნახევარი დაგვჭირდა ამ სახლის სადარბაზოს  სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის. სადარბაზოს აღდგენა დავასრულეთ 2018 წლის ბოლოს. რესტავრატორებმა ყველაზე დიდი დრო სწორედ ამ ჭერის რეაბილიტაციაზე დახარჯეს. მთლიანად სადარბაზოს რეაბილიტაცია დაჯდა 315 133 ლარი. ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, მოსახლეობა არ უვლიდა, სადარბაზო ღია იყო, რაც პრობლემაცაა. ახლაც რომ გაიაროთ, ნახავთ, რომ გარემოვაჭრეები დგანან და კარი არ იკეტება. კომუნიკაციის პრობლემა იყო, ასევე სხვა პრობლემებიც, რაც საფრთხეს უქმნიდა ამ მოხატულობას, ეს ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ მოსახლის დაუდევრობის გამო, რომლისგანაც, სამწუხაროდ, დაზღვეული არავინ არის, წყლის ბაკი გასკდა და ჩამორეცხა მთელი სადარბაზო. ჩვენი კომპეტენციაა რეაბილიტაცია-აღდგენა. პირველი შემთხვევაა, როცა რეაბილიტირებულ შენობას აზიანებს მესაკუთრე. მის რეაბილიტაციაზე დიდი თანხა დაიხარჯა და ახლა რა იქნება, არ ვიცი. ზიანი მესაკუთრემ მიაყენა, ჩვენ ჩვენი სამუშაოები დამთავრებული გვაქვს და ბიუჯეტიც დახარჯულია. ჯერ ჭერი სველია და ის უნდა გაშრეს. დღეს შეხვედრაა სპეციალისტებთან, რომ ზიანის მოცულობა დადგინდეს და მერე გადაწყდება, რა უნდა გაკეთდეს”, – უთხრეს droa.ge-ს თბილისის განვითარების ფონდში.

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი გიორგი ბაგრატიონი ამბობს, რომ აღმაშენებლის 93-ში მოხდა ფაქტი, რომელიც ყველა ოჯახში შეიძლება მოხდეს და ეს “უკანონობა”,  ანუ მოქალაქის მიერ ძეგლის განზრახ დაზიანება არ არის და შესაბამისად, არც ჯარიმას ითვალისწინებს.

მისი თქმით, არის შემთხვევები, როცა მესაკუთრემ არ იცის, რომ მის სახლს ძეგლის სტატუსი აქვს და ნებართვის გარეშე რემონტის დაწყებამ შეიძლება, დაჯარიმება გამოიწვიოს.

“რაც შეეხება ზოგადად ურბანული ისტორიული ძეგლების კონტროლს, თუ სარემონტო სამუშაოები ნებართვის გარეშე ხდება, ჩვენ გვაქვს ფუნქცია, შევაჩეროთ სამშენებლო  ნებართვის აღებამდე. ამ შემთხვევაში ხდება დაჯარიმება 4000 ლარით. თუკი ფართის მატება ხდება ძეგლზე, ასეთ შემთხვევაში ჯარიმა 8000 ლარია”, – ამბობს ბაგრატიონი.

ასე გამოიყურებოდა აღდგენილი სადარბაზო ჩამორეცხვამდე

როგორ არის დაცული ურბანული ძეგელები თბილისში?

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ანთიძის თქმით, 1800-დან 2000-მდე ურბანული ძეგლია თბილისში და მას „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონი იცავს.

“ყველა მესაკუთრესთან, კანონით, მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება არსებობს, ასევე, ეს ძეგლები დაცულია უნებართვო სამუშაოებისგანაც. თუკი უნებართვო სამუშაოებს დაიწყებს მესაკუთრე, მის მიმართ გამოიყენება ჯარიმა”, – ამბობს ანთიძე.

კანონის მიხედვით, კულტურული ძეგლის დაზიანებისათვის ფიზიკური პირისთვის ჯარიმა პირველ ჯერზე არის 4 000 ლარი,  ზიანის გამოსწორების ვალდებულებით. თუკი არ გამოასწორებს, ჯარიმა სამმაგდება. იურიდიული პირებისთვის პირველადი ჯარიმა 7 000 ლარია.

მისი თქმით, ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ “ფეისბუქით” გაიგო.

“სრულფასოვანი შესწავლა მოხდება, დადგინდება ზიანი და შესაბამისი ღონისძიებებიც გატარდება. თბილისში არსებული ურბანული ძეგლების ზედამხეველობის ფუნქცია თბილისის მერიის კომპეტენციაა. ამ საკითხში ადგილზე ჩვენებიც გაერკვევიან, რომ  მერიას სათანადო დახმარება აღმოვუჩინოთ ინტელექტუალური თვალსაზრისით. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. ამ შემთხვევაში მოქალაქე ამბობს, რომ პოლიცია გამოიძახეს და მათ რეაგირება არ მოახდინეს. ეს ძალიან გამიკვირდა, იმიტომ, რომ ყველა მსგავსი შემთხვევის დროს სწორედ სამართალდამცველებთან რეკავენ და ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა, რომ სამართალდამცველებს მსგავსი გამოძახება რეაგირების გარეშე დაეტოვებინათ”, – ამბობს ის.

მისივე თქმით, გაუფრთხილებლობით დაზიანების შემთხვევები არსებობს, თუმცა, იშვიათად.

“ბოლო პერიოდში მსგავს ფაქტს, როცა მხატვრობა დაზიანდა, ვერ ვიხსენებ. არის შემთხვევები, როცა უნებართვო სამუშაოებია. ეს ხდება არა მარტო თბილისში და ჩვენი ინსპექცია რეაგირებს გაფრთხილებიდან დაწყებული, დაჯარიმებით დამთავრებული”, – დასძენს ანთიძე.

მოხერხდება თუ არა ამ უნიკალური მხატვრობის აღდგენა, ან გადაწყდება თუ არა მისი ხელახალი რესტავრაცია საერთოდ, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სადარბაზოს ჭერი გაშრება, სპეციალისტები დასკვნას დადებენ და ოფიციალური უწყებები გადაწყვეტილებას მიიღებენ. დღევანდელი მოცემულობით კი ასეა – 1 საუკუნის წინ მოხატული უნიკალური სადარბაზო, რომლის რეაბილიტაციაზეც 300 ათასზე მეტი ლარი და ადამიანური შრომა დაიხარჯა, კვლავ განადგურებულია და არავინ იცის, როგორ უნდა დავიცვათ ამგვარი, კანტი-კუნტად შემორჩენილი საგანძურები დაუდევრობით განადგურებისგან, თუნდაც ეს დაუდევრობა არა გულგრილობის, არამედ შემთხვევითობის გამო მოხდეს.