ხაშურში რუსთაველის ქუჩაზე დევნილებისთვის განკუთვნილ კორპუსში სამუშაოები 3 წელია შეჩერებულია. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
საავადმყოფოს ყოფილი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის ბოლოს დაიწყო და 10 თვეში უნდა დასრულებულიყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, კორპუსში 110 ოჯახი უნდა შეესახლებინათ.
“ექსპერტიზის დასკვნის შედეგად აღმოჩნდა, რომ სამუშაოები უხარისხოდ იყო შესრულებული, ხოლო შენობის რეაბიულიტაცია ხელახლა ვერ მოხდებოდა, რადგან არარენტაბელური იყო. აქედან გამომდინარე, უკვე გახარჯული თანხის ამოღების მოთხოვნით სამინისტრომ სამართლებრივი დავა დაიწყო. მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. რაც შეეხება შენობას, ის ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს დაუბრუნდა და დღემდე უწყების ბალანსზე ირიცხება”, – განაცხადეს დევნილთა სამინისტროში.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შენობის რაიმე ფორმით გაყიდვა არ იგეგმება.