თბილისში არსებული ხელოვნური ტყის ბუნებრივად გარდაქმნისთვის გრანტის სახით 159 400 ლარი გამოიყოფა

785

თბილისის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში არსებული ხელოვნური ტყის ბუნებრივად გარდაქმნისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებისათვის გრანტის სახით 159 400 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ თბილისი მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით იგეგმება.

ფიჭვებთან დაკავშირებით თქვენ იცით, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობა გვაქვს ქალაქში. ფიჭვების დიდი რაოდენობა ხმება, რის გამოც გვიწევს მათი მოჭრა. შემდეგ კი ვახორციელებთ ჩანაცვლებას ახალი ნარგავებით. ეს პროცესი გაგრძელდება სამომავლოდ. აღსანიშნავია, რომ ფიჭვების ხმობის ტენდენცია შეინიშნება არა მარტო დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც.   ყველაზე დიდი პრობლემა კი ის არის, რომ ეს დაავადება არის გადამდები. ჩვენ უცხოელ ექსპერტებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს.

მნიშვნელოვანია, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება და  მწვანე სივრცეების შექმნა. ამდენად, ზუსტად მსგავსი  ღონისძიებებია საჭირო იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ და განვავითაროთ მწვანე სივრცეები“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ პროექტის მნიშვნელობაზე  ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპილოტე პროექტის ფარგლებში, დედაქალაქში 20 ჰა ფართობი თვითგანახლების უნარის მქონე ხე-მცენარეებით განაშენიანდება.

„პროექტის მიხედვით,  წელს იმ 12 000 ჰა ტყის ფართობიდან, რომლის ინვენტარიზაცია წელს განხორციელდა, ხდება 20 ჰა ტერიტორიის ბუნებრივი განახლება. ფიჭვები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის ხელოვნურად დარგული ხეები, რომლებსაც განახლების უნარი არ აქვთ. შესაბამისად, მაქსიმალურად ვიწყებთ მუშაობას იმ კუთხით, რომ თბილისში დაირგოს ისეთი ხეები, რომელიც ბუნებრივია და აქვთ თვითგანახლების უნარი. შესაბამისად, ეს პირველი საპილოტე პროექტია, რომლის მიხედვითაც 20 ჰექტარ ფართობზე  მოხდება ტერიტორიის დამუშავება გერმანელების დახმარებით. მათ შორის, შემოღობვა, რომ ცხოველებმა არ დააზიანონ ნარგავები. ასევე, მოხდება ბუნებრივი შეთესვა, რომ ტყეებმა ბუნებრივად დაიწყონ  განახლება და ხელოვნური ტყეები კი მაქსიმალურად, ეტაპობრივად ცავანაცვლოთ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2018 წელს 11 9000 ჰექტარ ფართობზე ჩატარდა ტყის ინვენტარიზაცია, რაც ბოლო რამდენიმე ათწლეულია არ ჩატარებულა. სწორედ აღნიშნული ტყის ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით გამოვლინდა, რომ თბილისის გარკვეულ ნაწილში გაშენებულ ხელოვნური წარმოშობის ტყეებს უკვე შესუსტებული აქვთ ნეგატიურ გარემო ფაქტორებზე შემგუებლობის უნარი.

ხელოვნური წარმოშობის ტყეებში ჭარბობს ფიჭვნარი კორომები, რომელიც ასევე საფრთხის წინაშეა, რის გამომწვევ უმთავრეს მიზეზად ითვლება მავნებელ-დავადება, გადამეტებული ძოვება და განახლების ნაკლებობა