ქუთაისის ქალაქის საბჭოს ქალი წევრი – ცნობილი პედაგოგის უცნობი პოლიტიკური წარსული

2427

რუსეთის 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაწყებული პოლიტიკური
გარდაქმნებისა და დემოკრატიზაციის ტალღის კვალდაკვალ, დროებითმა ხელისუფლებამ
დაიწყო პოლიტიკური ინსტიტუტების გარდაქმნა და ერთგვარი რეფორმირება. დროებითი
მთავრობის არცთუ წარმატებული პოლიტიკური კურსის მიუხედავად, ამიერკავკასიაში,
აქტიური პოლიტიკური პარტიების ჩართულობით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა
გადადგმული. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ადგილობრივ თვითმმართველობათა რეფორმის
გატარება იყო. 1917 წლის ზაფხულში ხელისუფლებამ ჩაატარა ქალაქის
თვითმმართველობების არჩევნები, ამ პერიოდში საქართველოს არაერთ ქალაქს მიენიჭა
თვითმმართველის სტატუსი, მათ შორის ისეთ პატარა ქალაქებს, როგორიც იყო ლანჩხუთი,
ხონი, სამტრედია, სურამი და სხვა. რაც მთავარია, დროებითი ხელისუფლების მიერ
გამართულ ქალაქების თვითმმართველობების არჩევნებისას გაუქმდა რუსეთის
არადემოკრატიული საარჩევნო სისტემა, რომელიც მოქალაქეთა აბსოლუტურ
უმრავლესობას არჩევნების უფლებას ართმევდა. ახალი საარჩევნო სისტემით 20 წლის
ზემოთ მყოფ თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად სქესისა, ჰქონდა ხმის მიცემის უფლება.
დროებითი ხელისუფლების მიერ მინიჭებული უფლებები ეფექტურად გამოიყენეს
საქართველოში მოქმედმმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა და აქტიური საარჩევნო კამპანია
აწარმოეს ქალაქების საბჭოებში მანდატების მოსაპოვებლად. 1917 წლის არჩევნებისას
ქალთათვის მინიჭებული საარჩევნო უფლება საკმაოდ ეფექტურად იქნა გამოყენებული,
განსაკუთრებით კი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ, რომელმაც საკანდიდატო
სიებში არაერთი ქალი შეიყვანა და ქალი პოლიტიკოსები თითქმის ყველა ქალაქის საბჭოში
აირჩიეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დემოკრატიზაციის პროცესი
ბევრად გაუმჯობესდა და შუექცევადი გახდა. დამოუკიდებელმა საქართველომ კიდევ
უფრო დახვეწა საარჩევნო კანონმდებლობა და 1918 წლის ზაფხულიდან დაიწყო
ადგილობრივ თვითმმართველობათა (მაზრების) არჩევნების ახალი ტალღა. საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ თვითმმართველობათა რაოდენობა კიდევ
უფრო გაზარდა, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიანიჭა ისეთ მცირე ქალაქებს,
როგორიც იყო ონი და კოჯორი. დემოკრატიულ რესპუბლიკაში მნიშვნელოვნად გაიზარდა
ადგილობრივ თვითმმართველობათა კომპეტენციები და შეიქმნა ფისკალური
დეცენტრალიზაციის მნიშვნელოვანი ბაზისიც.

1919 წლის იანვრიდან საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაიწყო ქალაქების
წარმომადგენლობითი ორგანოების – ხმოსანთა საბჭოების არჩევნები. არჩევნები
დემოკრატიულ პრინციპებზე იყო დამყარებული და საქართველოს ყველა მოქალაქეს,
კონკრეტულ თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულს, შეეძლო მონაწილეობის
მიღება. არჩევნებში კვლავ აქტიურად მონაწილეობდნენ ქალი კანდიდატები.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტებიდან ვიგებთ, რომ 1919 წლის 9
მარტს გამართულ ქუთაისის ქალაქის საბჭოს არჩევნებზე, საქართველოს სოციალ-
დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით, ქალაქის ხმოსნად (საბჭოს წევრად) არჩეული იქნა
მარიამ ოტიას ასული ვარდოსანიძე. ის პარტიის მიერ წარდგენილი 60-კაციანი
საკანდიდატო სიის პირველ ხუთეულში იყო შეყვანილი.

მარიამი ამ პერიოდისათვის ძალიან ცნობილი პედაგოგი და აქტივისტი იყო. 1864 წელს
ქუთაისში მეწაღის ოჯახში დაბადებული გოგო ადრეული ასაკიდან ჩართული იყო
საზოგადოებრივ საქმიანობაში. ქუთაისის ქალთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1884
წლიდან, პედაგოგიურ საქმიანობას მიჰყო ხელი. ახალგაზრდა მასწავლებელი არა მხოლოდ
სკოლაში მისთვის დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა, არამედ სკოლის მიღმა
დარჩენილ არაერთ გაჭირვებულ ბავშვს ეხმარებოდა განათლების მიღებაში.
მარიამ ვარდოსანიძემ, თავის თანამოაზრეებთან ერთად, 1891 წელს საზოგადოებრივ
საწყისებზე შექმნა ქუთაისის საკვირაო სკოლა და 23 წლის განმავლობაში აქტიურად
აგრძელებდა ამ კუთხით საქმიანობას. მარიამისა და მისი მეგობრების თვითორგანიზებულ
უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო საქმიანობას მისი თანამედროვე პრესაც აქტიურად
აშუქებდა. მარიამ ვარდოსნაიძე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის
განყოფილების აქტიური წევრი იყო. საზოგადოებრივი საქმიანობიდან გამომდინარე,
მარიამი დაახლოებული იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივ წრეებთან.

მარიამს არა მხოლოდ პედაგოგად, არამედ ხელმძღვანელად მუშაობის დიდი გამოცდილებაც
ჰქონდა. 1906 წლიდან 1919 წლამდე ის იყო ქუთაისში არსებული საეპარქიო ქალთა სკოლის
გამგე.

მარიამ ვარდოსანიძე აქტიურად ჩაერთო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების
შემდეგ დაწყებულ განათლების რეფორმაში, მონაწილეობდა მასწავლებელთა
გადამზადების კურსებში. 1919 წელს, განათლების მინისტრის ბრძანებით, მარიამ
ვარდოსანიძე ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიის ხელმძღვანელად დაინიშნა.

საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში მარიამი პოლიტიკურ საქმიანობაშიც
აქტიურად იყო ჩართული. ქუთაისის ქალაქის ხმოსნის სტატუსით მონაწილეობდა ქალაქის
თვითმმართველობის საქმიანობაში. მონაწილეობდა ქალაქის თვითმმართველობის მიერ
ახალი სკოლებისა და ბიბლიოთეკების შექმნის პროცესში და სოციალური პროექტების
განხორციელებაში.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მარიამ ვარდოსანიძე ჩამოშორდა
პოლიტიკურ საქმიანობას და შემდგომ წლებში მხოლოდ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა.
ის 1943 წლის 17 იანვარს გარდაიცვალა.