პარიზის ცენტრში ტურისტული ავტობუსების მოძრაობა შეიძლება აიკრძალოს, – ამის შესახებ გამოცემა “Le Parisien-თან” ინტერვიუში პარიზის მერის პირველმა მოადგილემ ემანუელ გრეგუარმა განაცხადა.
გრეგუარი ამბობს, რომ მართალია, პარიზში სიტუაცია არც ისე ცუდია, როგორც ტურისტულ ვენეციასა და ბარსელონაში, მაგრამ პარიზელებს დისკომფორტს უქმნის ტურისტული ავტობუსების სიმრავლე, ამიტომაც მასობრივი ტურიზმით გამოწვეული საჩივრების გამო მერიაში პრობლემის მოგვარებაზე ფიქრობენ.
“აღარ გვსურს, რომ პარიზში ტურისტული ავტობუსების სრული ანარქია გაგრძელდეს. სატრანსპორტო მომსახურების ავტოსადგომებს შევქმნით, რათა ავტობუსები პარიზში აღარ შემოდიოდნენ“, – განაცხადა გრეგუარმა.
ჟურნალისტმა ამას რადიკალური პოზიცია უწოდა, რაზეც მერის პირველმა მოადგილემ უპასუხა, რომ ტურისტებს შეუძლიათ ადგილობრივების მსგავსად საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ.
მისივე თქმით, ტურისტული ავტობუსების აკრძალვა პარიზის ცენტრში წაახალისებს ფეხით მოსიარულეებს, ასევე, ველოსიპედის გამოყენებას, რაც ეკოლოგიურია.
გასულ წელს პარიზსა და ილ-დე-ფრანსში ჩასული ტურისტების რაოდენობამ რეკორდულ 50 მილიონს გადააჭარბა, მიუხედავად მთავრობის წინააღმდეგ “ყვითელი ჟილეტების“ მწვავე პროტესტის მიმდინარეობისა, რომელიც გასული წლის ნოემბერში დაიწყო.
საფრანგეთი წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე დიდ ტურისტულ ქვეყანას. 2018 წელს საფრანგეთში 89.4 მილიონი ტურისტი ჩავიდა, 2017 წელს – 86.9 მილიონი.