მოპედები ტროტუარებსა და „ბასლაინებზე“ ვეღარ იმოძრავებს. ამის შესახებ მომსახურების სააგენტოს დირექტორმა მარიანა მორგოშიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მოპედის სამართავად მოქალაქეს მართვის მოწმობის აღება დასჭირდება. რაც შეეხება ასაკს, შესაბამისი მართვის უფლების აღებას პირები 16 წლიდან შეძლებენ.
„მნიშვნელოვანია, რომ მას შემდეგ რაც ეს საკანონმდებლო პაკეტი დამტკიცდება AM კატეგორიის (მოიცავს მოპედს და მსუბუქ კვადროციკლს) მართვის მოწმობა ავტომატურად მიენიჭება იმ ადამიანებს, ვისაც სხვა ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობა აქვს აღებული. ვინც რაიმე კატეგორიის მართვის მოწმობას არ ფლობს, მოპედის სამართავად თეორიული გამოცდის ჩაბარება დასჭირდება. საკითხები კი ანალოგიური იქნება რაც სხვა კატეგორიების გამოცდისას. ამასთან, რეგულაციების ძალაში შესვლის დღიდან მოხდება მათი რეგისტრაცია, რაც ნიშნავს რომ „ჭკვიანი კამერის“ მიერ იქნება აღქმული ნებისმიერი სამართალდარღევა და ის სანქციები გავრცელდება რაც სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე. ცვლილებების შემდეგ მოპედი ვერც ტროტუარზე და ვერც ბასლაინზე ვეღარ იმოძრავებს,“-აღნიშნა მორგოშიამ.
მისივე თქმით, 2005 წლიდან ქვეყანაში 19 ათასამდე მოპედია საქართველოში შემოყვანილი.