პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადავადება მთლიანად ხაზს უსვამს საკონსტიტუციო კომისიისა და ვენეციის კომისიის მუშაობას, – ამის შესახებ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ნაცვლიშვილის თქმით, ეს ნაბიჯი, რომელიც, ამ მრავალთვიანი პროცესის შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” გადადგა, აზრს უკარგავს იმ სამუშაოს, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ და ვენეციის კომისიამ გასწიეს.
“ამ ნაბიჯით მთლიანი პროცესი ხაზგადასმულია. ხელისუფლების ასეთი მიდგომა საკითხის მიმართ აჩვენებს საშიშ დამოკიდებულებას კონსტიტუციის და საზოგადოებრივი აზრის მიმართ. არ შეიძლება მმართველ ძალას არ ესმოდეს, თუ კონსტიტუცია არ ეფუძნება ფართო კონსენსუსს, ის ვერ იქნება ძლიერი დოკუმენტი”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, ამ ვითარებაში აუცილებელია, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ჰქონდეს სწორი აღქმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.
საკონსტიტუციო ცვლილებები არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის მოსაზრებას საარჩევნო საკითხებთან მიმართებაში. საერთაშორისო საზოგადოებამ, რომლისთვისაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქვეყანა განვითარდეს, ეს სიმართლე უნდა იცოდეს. ჩვენ, ბუნებრივია, ველოდებით რეაქციებს, რადგან ძალიან საშიშია ქვეყნისთვის და უპირველესად მმართველი გუნდისთვის, როდესაც ამ ტიპის გამიჯვნას აკეთებს საზოგადოებისგან. მმართველ გუნდს უნდა ესმოდეს, რომ სწორედ ასე იწყება ძალაუფლების ერთ ხელში კონსოლიდაცია, რომელსაც არავისთვის სიკეთე არ მოუტანია”,- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი