თბილისის მერია გეგმავს, სანებართვო პირობების დარღვევით უკვე აშენებულ შენობა–ნაგებობებზე ე.წ. ამნისტია გამოაცხადოს და შენობები ექსპლუატაციაში მიიღოს. ე.წ. ამნისტია შეეხება 2019 წლის 15 მაისის ჩათვლით დასრულებულ საცხოვრებელ შენობებს და როგორც მერიაში აცხადებენ, დედაქალაქში ასეთი პრობლემური კორპუსი დაახლოებით 600-ია.
გარდა ამისა, იგეგმება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ, ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების, ან მათი ნაწილების ლეგალიზება, ასევე, 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტების დასრულებისთვის ვადის განსაზღვრა და მათი შემდგომი ლეგალიზება. ლეგალიზების წესსა და პირობებს, ასევე, 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტების დასრულების ვადას მთავრობა დაამტკიცებს.
ამ ცვლილებებს ითვალისწინებს “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილების პროექტი, რომელიც მერიის მიერ პარლამენტშია ინიცირებული.
ამავე კანონპროექტით, გარკვეული შენობების ექსპლუატაციაში მიღების მიუხედავად, დეველოპერები არ თავისუფლდებიან დარღვევების გამო დაკისრებული ჯარიმებისა და საურავებისაგან.
პროექტში აღნიშნულია, რომ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილი იქნება, ექსპლუატაციაში მიიღოს საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობა, თუ მშენებლობა ნაწარმოებია შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის (რომელზეც გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა) დარღვევით, განაშენიანების რეგულირების პარამეტრების ცვლილებით, ფუნქციური ზონირების დარღვევით, ასევე, თუ მშენებლობა ნაწარმოებია შეუსაბამო მიწის ნაკვეთზე.
ექსპლუატაციაში მიღება იმ ობიექტებს ეხება, რომლებზეც გაცემულია მშენებლობის ნებართვა და 2019 წლის 15 მაისის მდგომარეობით, მშენებლობა დამთავრებულია.
დამთავრებულად მიიჩნევა ობიექტი, რომლის ძირითადი კონსტრუქციული სისტემისა და ექსტერიერის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, გარდა მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოებისა.
დაინტერესებულმა პირმა, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში უნდა მიმართოს.
“აღრიცხულია 600 კორპუსი თბილისის მასშტაბით. წინასწარ იყო ნათქვამი მხოლოდ ის, რომ შეეხება მხოლოდ ისეთ ნაგებობებს, სადაც არ არის დარღვეული უსაფრთხოების წესები და, ასევე, არ ამახინჯებს ქალაქის იერ-სახეს. დანარჩენი სხვა ტიპის დარღვევებზე თვალს დახუჭავს მუნიციპალიტეტი და მიიღებს ექსპლუატაციაში. თუმცა, ეს ჩვენი ინიციატივაა და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი”, – აცხადებს მერიის პრეს-სამსახურში.
პარლამენტში პროექტის განხილვა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა, ურბანისტების ნაწილი მერიის ამ ინიციატივას მიესალმება.
ურბანისტი ნიკო კახეთელიძე ამბობს, რომ პროექტის დარღვევით აშენებულ კორპუსებში ადამიანები უკვე ცხოვრობენ, რის გამო მერიას სხვა გამოსავალი არ აქვს – ბინებს ვერ დაანგრევს, ამიტომ მათი დაკანონება უწევს, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია.
“მერია დეველოპერებს მთელი ეს პერიოდი სთხოვდა, გაესწორებინათ დარღვევები. ზოგი ისეთი დარღვევაა, პროექტიდან ისე შორს არიან გასულები, რომ იმ დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია, ამიტომ ეს ბინები დაუკანონებელი იყო. ახლა მერია ცდილობს, ანგარიში გაუწიოს არა დეველოპერებს, არამედ იმ ხალხს, ვისაც ნაყიდი აქვს ბინა და ცხოვრობს. ამ ხალხს პრობლემები ექმნებოდათ, მაგალითად, თუ იპოთეკით დატვირთვა უნდოდა, ამას ვერ ახერხებდა. ამიტომ მოსახლეობისგან იყო ძალიან ბევრი თხოვნა, რომ მერია გარკვეულ დათმობაზე წამოსულიყო და ეს გადაწყვეტილება დადებითია. ამ სახლებს ვერაფერს უზამ, აშენებულს ხომ ვეღარ დაანგრევ?!” – ამბობს კახეთელიძე.
მისი თქმით, კალაძის მერობის დროს დეველოპერებს დარღვევების გამო ჯარიმის ოდენობა გაუზარდეს 1000 და 3000 ლარიდან 10 000-მდე, თუმცა, დეველოპერები ამ ჯარიმებზე მაინც მიდიან. ამიტომ ახლა პარლამენტში შედის ახალი კანონი, რომელიც მშენებლობის უხეშ დარღვევაზე რიგ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ დეველოპერს, ვინც პროექტის დარღვევით აშენებს და თვლის, რომ, შესაძლოა, ამან მაინც შეაჩეროს დეველოპერები.
მისი თქმით, ჯერ არ არის ცნობილი, რას უპირებს მერია იმ შენობებს, რომელიც მიიჩნევა, რომ ქალაქის იერ-სახეს ამახინჯებს და ეს საკითხიც მოსაგვარებელია.
“აშენებულ კორპუსს ვერ დაანგრევ, ამიტომ აქ შესაძლებელია ფასადის გადაკეთება მოხდეს ისე, რომ სიმახინჯე შედარებით დაიფაროს. თუმცა, ასეთ შემთხვევებში რას იზამენ, არ ვიცი”, – ამბობს კახეთელიძე.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორი კომპანიის, “სითი ინსტიტუტი–საქართველოს” დირექტორის, მამუკა სალუქვაძის თქმით, მთავარია, ისეთი ბინების ექსპლუატაციაში მიღება არ მოხდეს, სადაც კომუნიკაციები და უსაფრთხოების ნორმები კარგად შემოწმებული არ იქნება, რათა არ მივიღოთ ის შედეგები, რაც, სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს და განსაკუთრებით ზამთრის თვეებშია თვალსაჩინო.
“ამ შენობებს სერიოზული მონიტორინგი უნდა ჩაუტარდეს და ის, რაც გამოსასწორებელია, უნდა გამოსწორდეს. ვიცით, რომ საინჟინრო საკითხები, გაყვანილობების პრობლემებია, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ იყო მოწესრიგებული და რასაც იწვევდა, ეს კარგად დავინახეთ. არ შეიძლება, ახალ მშენებლობებს მოვთხოვოთ ყველა პუნქტის შესრულება და ამ დროს ყველაფრის გაუთვალისწინებლად მივიღოთ ის შენობები, რომლებიც ნახევრად დასრულებული, ან თითქოს დასრულებული იყო, მაგრამ არ იყო მიღება-ჩაბარებით გაფორმებული. შენობები უნდა დასრულდეს, ოღონდ კონტროლქვეშ და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით”,- ამბობს სალუქვაძე.
მისი თქმით, თბილისში, ასევე, დიდი პრობლემაა დაუსრულებელი შენობები, რომელიც უნდა დასრულდეს.
“მერიამ უნდა დაიწყოს მათი ლეგალიზების პროცესი რაღაც პირობებით. არ ვიცი, როგორ იგეგმება ეს ყველაფერი, ფაქტია, მერია დიდი ხანია ამბობს, რომ ქალაქში ასეთი დაუსრულებელი შენობები არ უნდა იყოს და ქალაქს ეს ამახინჯებს”,- ამბობს სალუქვაძე.