დღეიდან რუსთავში საერთაშორისო საზაფხულო ბანაკი – “მეგობრობის ქალაქი“ გაიხსნება

1735

პირველი ივლისიდან რუსთავი საერთაშორისო საზაფხულო ბანაკს უმასპინძლებს. ამის თაობაზე, 28 ივნისს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასა და ორგანიზაცია “სიქას“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულებას ხელი მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის უფროსმა ნინო ქვირიამ და „სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ინგა პაიჭაძემ მოაწერეს.

“ხელშეკრულება ქალაქ რუსთავის მერიის “ინიციატივების თანადაფინანსების “ქვეპროგრამის ფარგლებში, პროექტის – “მეგობრობის ქალაქი“ განხორციელების ხელშეწყობას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება 60 300 ლარს შეადგენს, აქედან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება 14 000 ლარია, ხოლო უცხოური გრანტი, კი 46 300 ლარი. ქალაქ რუსთავში საერთაშორისო საზაფხულო ბანაკი – “მეგობრობის ქალაქი“, 1 ივლისს გაიხსნება. პროექტის ფარგლებში, რუსთავს, ევროპის ქვეყნების ქალაქებიდან, ახალგაზრდა ლიდერებისგან შემდგარი გუნდები ესტუმრებიან და ერთი კვირის განმავლობაში დარჩებიან”, – ამბობენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით, გასულ წელსაც განხორციელდა.

“წელს რუსთავს 6-6 ახალგაზრდა ლიდერისგან შემდგარი გუნდები შვეციიდან, დანიიდან, ნორვეგიიდან და ისრაელიდან ესტუმრებიან. გასული წლის მსგავსად, საზაფხულო ბანაკში ახალგაზრდა ლიდერთა გუნდი, საქართველოდანაც ჩაერთვება. პროექტის მთავარი მიზანი, ქალაქ რუსთავის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, კონფლიქტების პრევენცია, თანამშრომლობა და ახალგაზრდებისთვის კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობაა. პროექტის ფარგლებში, ღია კარის დღეც მოეწყობა, სადაც მონაწილე ქვეყნები, საკუთარი ქვეყნების კულტურას, კოსტიუმებს, ფოლკლორსა და სამზარეულოს წარმოადგენენ”, – განმარტეს რუსთავის მერიაში.