გერმანული სამოგზაურო პორტალი მკითხველს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს

864

“საქართველო – მსოფლიოს ულამაზესი ქვეყანა”- ამ სათაურით სტატიას გერმანული სამოგზაურო პორტალი Reisezutaten.de აქვეყნებს, ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესმედია ავრცელებს.

იმის ასახსნელად, თუ რატომ მიიჩნევა საქართველო მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქვეყანად, ჟურნალისტი ლეგენდას ყვება, რომლის თანახმადაც, ღმერთს ეს ტერიტორია შავ ზღვაზე თავისთვის ჰქონდა გადანახული. მაშინ როდესაც ის მსოფლიო ხალხებისთვის მიწების ურიგებდა, ქართველები ცეკვითა და გართობით იყვნენ დაკავებულნი, შესაბამისად, დარიგების პროცესზე მისვლა დააგვიანდათ და მიწის გარეშე რჩებოდნენ, თუმცა ღმერთზე ქართველების გულიანობამ და ცხოვრებისადმი სიყვარულმა შთაბეჭდილება მოახდინა და მან თავისთვის გადანახული მიწა კავკასიაში ქართველებს დაუთმო.

სტატიის ავტორი მკითხველს მოუწოდებს, საქართველოში იმოგზაურონ და ამ ლეგენდის ჭეშმარიტებაში თავად დარწმუნდნენ. როგორც ჟურნალისტი ყვება, საქართველო ბავარიისხელა ტერიტორიაზეა განთავსებული, თუმცა გამოირჩევა ლანდშაფტების შესანიშნავი მრავალფეროვნებით, დიდებული მთების პანორამებით, ხშირი ტყეებითა და შავი ზღვით.

სტატიის ავტორის აქცენტს ქვეყნის სანახოაბებზე აკეთებს. წერს, რომ საქართველოს დედაქალაქი თბილისი აუცილებლად სანახავი ადგილია. ქალაქის არქიტექტორა სხვადასხვა ეპოქის ნაზავია. “თითქოს ქალაქს ვერ გადაუწყვიტავს, აზიური, ორიენტალისტური და ევროპული იყოს’’-აღნიშნავს რეპორტიორი.

ჟურნალისტი ყურადღებას ქართულ ტრადიციებზე, საჭმელებსა და ღვინოზეც ამახვილებს. ყვება, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, სადაც მრავალფეროვანი საოცარი ღვინის დაგემოვნება შეგიძლიათ. ასევე, აქცენტს თამადის ინსტიტუტზე აკეთებს, ამბობს, რომ როდესაც თამადა ჭიქას ასწევს და სადღეგრძელოს შესვამს, უკანასკნელი სკეპტიკოსიც კი დარწმუნდება, რომ საქართველო უდავოდ ყველაზე ლამაზი ქვეყანაა დედამიწაზე.