ქარელის მუნიციპალიტეტში ორი სამსახურია, რომელთაც მიზნად “ქარელის კეთილმოწყობა” აქვთ დასახული. ერთ-ერთი მათგანი ა(ა)იპ-ია, მეორე კი შპს. ორივეს დამფუძნებელი ადგილობრივი თვითმმართველობაა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
“ქარელის კეთილმოწყობის ცენტრი” და “ქარელის კეთილმოწყობის სამსახური” სხვადასხვა ორგანიზაციებია მერიის იურისტისთვის. ინგა ეკალაძე ამბობს, რომ სახელებს მნიშვნელობა არა აქვს და მნიშვნელობა აქვს დებულებაში რა წერია.
მისი თქმით, ა(ა)იპ-ები მერიის ბიუჯეტიდან სუბსიდიების სახით ფინანსდება, ხოლო
“შპს” წარმოადგენს კერძო სამართლის პირს, რომელსაც მხოლოდ სამშენებლო ფუნქციები აქვს.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით კი, საჯარო რეესტრში სულ სხვა ინფორმაცია იძებნება. რეესტრის მიხედვით, “შპს-ს” ის ფუნქციები გააჩნია, რომლითაც ა(ა)იპ-ია დაკავებული,
შპს-ს საქმიონობის სფეროა: ქალაქის ქუჩების დაგვა – დასუფთავება, ნაგავსაყრელის მოვლა-პატრონობა, საყოფაცხოვრებო ნარჩებნების გატანა, სკვერების მოვლა – პატრონობა და გამწვანება, დეკორატიული განათების მოვლა პატრონობა, განათების მოვლა პატრონობა.
რაც შეეხება ა(ა)იპ-ს, მისი დებულება საჯარო რეესტრში ატვირთული არ არის. თუმცა, იმ სუბსიდიებიდან გამომდინარე, რომელსაც მერია გამოყოფს, ანალოგიურ მიზნებს ასახავს. მერიის იურისტი ინგა ეკალაძე ამტკიცებს, რომ ახალი დებულებები მხოლოდ მერიაში ინახება, რომლის გაცნობის საშუალება წერილობითი განცხადების შემდეგ, გახდება შესაძლებელი.
ამასთან, გამოცემამ მოიპოვა ა(ა)იპ ” ქარელის კეთილმოწყობის ცენტრის” 2019 წლის საშტატო ნუსხა, რომლის მიხედვითაც დასაქმებულთა შორის მუნიციპალიტეტის მერის ძმა ჯემალ გულიაშვილიც მოხვდა. ასევე, ა(ა)იპ-ში დასაქმებულია ლევან მარჯანიძე. საინტერესო კი ისაა, რომ ლევან მარჯანიძის მამაა ა(ა)იპ-ს კონკურენტი კომპანიის “შპს ქარელის კეთილმოწყობის სამსახურის” ხელმძღვანელი კობა მარჯანიძეა.
ა(ა)იპ ‘კეთილმოწყობის ცენტრის” ხელმძღვანელმა ზვიად იმერლიშვილმა ჩამოთვლილი პირების მუშაობა დაადასტურა.
შპს “ქარელის კეთილმოწყობის სამსახური” 2010 წლიდან არსებობს. მისი რეორგანიზაცია 2016 წლის დეკემბერში დაიწყო. მუნიციპალური საწარმოს დირექტორი ზვიად იმერლიშვილი, 2016 წლის 13 იანვარს, გაათავისუფლა, თუმცა დანიშნა ერთი თვით ადრე დაფუძნებულ ,,აიპი ქარელის კეთილმოწყობის ცენტრის” ხელმძღვანელად.
ქარელის 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით, რომელიც საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებულია, წერია: ნარჩენების გატანაზე გათვალისწინებულია 1 034 000 ლარი; გარეგანათებაზე 300 000 ლარი.
რაც შეეხება ტენდერებს, შპს “კეთილმოწყობის სამსახურს” 194 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული; აქედან გამარტივებული 156 ტენდერი იყო. საერთო ღირებულება 472 772 ლარს შეადგენს.
ა(ა)იპ-ს მონაწილეობა მიღებული აქვს 410 ტენდერში, საიდანაც გამარტივებული იყო 359. ხელშეკრულების ჯამური საერთო ღირებულება 986 050 ლარი შეადგინა. ტრენდერების 85% ში გამარჯვებული გახდა.