თურნავა: გაზის მოხმარების უსაფრთხოებისთვის მთელი რიგი რეგულაციები სავალდებულო ხასიათს შეიძენს

869

იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის გაზის მოხმარება იყოს უსაფრთხო, მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ექსპერტიზას გადის სხვადასხვა უწყებებში და მალე წარედგინება პარლამენტს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავას თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გამკაცრდება პასუხისმგებლობები, შემუშავდება ახალი სტანდარტები და გარკვეულწილად სავალდებულო ხასიათსაც შეიძენს მთელი რიგი რეგულაციები.

ამასთან, მისივე თქმით, საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი აირის დანადგარების მონტაჟის სპეციალისტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე გაივლიან მომზადება-გადამზადებას და შესაბამის სერთიფიკატებს მიიღებენ

“იმისთვის, რომ გაზის მოხმარება იყოს უსაფრთხო, მეტი კვალიფიციური კადრი გვჭირდება და სასიხარულოა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ტრადიციულად ძლიერია ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის და სხვადასხვა ენერგეტიკული მიმართულების სკოლა, გაჩნდეს პირველი ასეთი სერტიფიკაციის ორგანო. ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა, რომელსაც აქტიურად დაუჭირეს მხარი გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა, რადგან, პირველ რიგში, ისინი გრძნობენ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, რომ მათი მომხმარებელი იყოს დაცული“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, საფრთხე, რომ ოჯახებში გაზის დანადგარების მონტაჟს არაკვალიფიციური ადამიანები გააკეთებენ, მოიხსნება, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების პრევენციისთვის.

შეგახსენებთ, რომ გაზის დეტექტორის დამონტაჟება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს.