გორის მერიას სურს, ხურვალეთის ყოფილი რიტუალების სახლი სპორტულ დარბაზად გადაკეთდეს

1135

გორის მუნიციპალიტეტის მერია ხურვალეთის რიტუალების სახლის სპორტულ დარბაზად გადაკეთებას გეგმავს. ამის შესახებ უწყებამ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

მერია ითხოვს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ამ სოფლისთვის გამოყოფილი თანხიდან 31 042 ლარი სწორედ ამ მიზნით დაიხარჯოს.

შესაბამისი სამუშაოებისთვის მერიას შემსრულებელი კომპანია უკვე შერჩეული ჰყავს – შპს “ქართლი” სამუშაოებს იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ მერია შესყიდვების სააგენტოსგან აღნიშნულ მოთხოვნაზე თანხმობას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ მერიას აღნიშნული კომპანიისგან მომსახურების უტენდეროდ შეძენა სურს.

პირდაპირი შესყიდვა საჯარო დაწესებულებას კერძო კომპნიასთან 5 000 ლარამდე ღირებულების მომსახურების დროს შეუძლია. უფრო მეტი თანხის შემთხვევაში კი, ელექტრონული ტენდერი ცხადდება, თუ ადგილი არ აქვს რაიმე გადაუდებელ აუცილებლობას. აქედან გამომდინარე მერიას მოუწევს არგუმენტირებული ახსნა-განმარტება შესყიდვების სააგენტოს საჯაროდ გაუგზავნოს და დაასაბუთოს, თუ რატომაა საჭირო სამუშაოების შესასრულებლად შპს “ქართლისთვის” ექსკლუზიური უფლების მინიჭება.