ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობა დასრულდა

1158

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურმა მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობა დაასრულა.

გზაგამტარის გახსნას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილეებთან ირაკლი ბენდელიანთან და ილია ელოშვილთან ერთად ესწრებოდა.

“მარშალ გელოვანთან დამაკავშირებელი ორდონიანი კვანძის მოწყობა დასრულებულია და დღეიდან, თბილისის მოსახლეობას, მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ, ამ კონკრეტული გზით ისარგებლონ.

აქ სერიოზული პრობლემა იყო საცობების მიმართულებით. პროექტის განხორციელების შემდეგ, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მოძრაობა განიტვირთება. პროექტი შარშან დავიწყეთ და იყო კრიტიკა იმის შესახებ, რომ დროში გაიწელა. მე ამას ავხსნი: პირველადი პროექტი, რომელიც შემუშავდა, იყო პრობლემური იმ თვალსაზრისით, რომ მწვანე სივრცე უნდა განადგურებულიყო. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. იცით, ჩვენი დამოკიდებულება ეკოლოგიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამის გამო, პროექტი შეიცვალა და განხორციელდა ისე, რომ მწვანე სივრცე შენარჩუნდა და მინიმალური ჩარევა მოხდა.

დარჩენილია შემდეგი სამუშაოები: გზის დახაზვა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში დასრულდება და ახალი გზა გამყოფების გამწვანება, რაც რამდენიმე დღეში დაიწყება. ასევე, საფეხმავლო კიბეები და ლიფტები მოეწყობა, რომლითაც სარგებლობა შეეძლება მოსახლეობას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

აღნიშნული გზაგამტარი წარმოადგენს რკალისებურ ესტაკადას, რომელიც იწყება სარაჯიშვილის ქუჩიდან, ზემოდან გადადის მარშალ გელოვანის გამზირზე და უერთდება აღნიშნული გამზირის მცხეთისკენ მიმავალ მიმართულებას.

პროექტი უზრუნველყოფს მოძრაობის განტვირთვას ვაშლიჯვრის დასახლებაში, გაზრდის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას საბურთალოსა და დიღომს შორის, ასევე, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას ნუცუბიძის პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით დიღმის მიმართულებით და პირიქით.

სამშენებლო სამუშაოების პროცესში პროექტში შევიდა ცვლილებები. გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, ალტერნატიული პროექტით, თავდაპირველ პროექტთან შედარებით, გაცილებით ნაკლები ხე-მცენარე მოიჭრა. მაგალითად, თავდაპირველი პროექტით თუ გათვალისწინებული იყო   47 დიდი და   198 პატარა ხე-მცენარის მოჭრა, ალტერანტიულით მოიჭრა სულ 17 ერთეული ხე-მცენარე, ხოლო გადაირგო 27; საკომპენსაციოდ დაირგო 140 ხე-მცენარე; ამავე დროს, ალტერნატიული პროექტის მიხედვით, თბილისის მერიას ნაკლები შეხება მოუწია კერძო საკუთრებასთან, რამაც დაზოგა დედაქალაქის ბიუჯეტი; 246 მ სიგრძის ესტაკადის სავალი ნაწილი ორზოლიანია და 8-მეტრი სიგანისაა, ნაცვლად 6 მეტრისა.

სავალი ნაწილის გარდა, ესტაკადას ცალმხრივად მიჰყვება 2მ სიგანის ტროტუარი. შშმ პირთათვის გადაადგილების გამარტივებისთვის მარშალ გელოვანის გამზირის ორივე მხარეს დამონტაჟდება ლიფტები.

სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ენსისი“ აწარმოებდა. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.