გია ხუხაშვილი – ზაალ უდუმაშვილს დამოუკიდებლად მეტი შანსი ექნებოდა, რადგან ”ნაცმოძრაობა” არის პოლიტიკურ ბაზარზე დაზიანებული ბრენდი

757

ზაალ უდუმაშვილს დამოუკიდებლად მეტი შანსი ექნებოდა, ვიდრე ”ნაციონალურ მოძრაობასთან” ტანდემში, – ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის შანსებს არჩევნებზე.

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ უდუმაშვილისთვის ”ნაციონალური მოძრაობა” უფრო შემაფერხებელია, ვიდრე ადგილის მიმცემი.

”ზაალ უდუმაშვილი როგორც პიროვნება, ცნობადი სახე, შეიძლებოდა ყოფილიყო საინტერესო კანდიდატი, მაგრამ მისი შესაძლებლობები ”ნაციონალურ მოძრაობასთან” ტანდემში არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე მაშინ, მას რომ დამოუკიდებლად ეყარა კენჭი. ”ნაციონალური მოძრაობა” მისთვის უფრო შემაფერხებელია ამ გზაზე, ვიდრე ადგილის მიმცემი. გამომდინარე იქიდან, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” არის დაზიანებული ბრენდი ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე, პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანია. მეორე ტურში გასვლა ალბათ, საკმაოდ რეალისტურია, მაგრამ არა იმიტომ, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ძლიერდება, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლება სუსტდება და მას ამ ხნის განმავლობაში კიდევ რა ელოდება, ძნელი სათქმელია. ხმები გადანაწილდება და პირველ ტურში ხელისუფლებას გამარჯვება გაუჭირდება”, – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, მეორე ტურში გასვლის ყველაზე მეტი შანსი მაინც ზაალ უდუმაშვილს აქვს.

”პრობლემაა იგივე სახელისუფლებო კანდიდატთან დაკავშირებით, რადგან კამპანია იქნება მკვეთრად ნეგატიური. თუ ეს კანდიდატი კახი კალაძე იქნა, როგორც ჩანს, ”ნაციონალური მოძრაობა” და მისი მედიაკომპონენტი ძალიან სერიოზულად დააზარალებს კალაძეს. კალაძეს აქვს საკმარისი სისუსტეები იმისთვის, რომ ამაზე აპელირებით მოხდეს მისი იმიჯის სერიოზული დაზიანება. იმდენად უდუმაშვილის შანსები არ არის მაღალი, რამდენადაც კალაძის იმიჯი ნეგატიური კამპანიიდან გამომდინარე შეიძლება დაზიანდეს”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

როგორც ცნობილია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ნიკა მელია დღეს ოფიციალურად წარადგინა.

წყარო: ინტერპრესნიუსი