ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში საჭიროებებზე დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდამჭერი სერვისების შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართა.
შეხვედრა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მოეწყო, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს, საკრებულოს სოციალური კომისიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და შშმ პირთა თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მერიის ინფორმაციით, მრგვალი მაგიდის ფორმატში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ საჭიროებებზე დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდამჭერი სერვისების, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ იმსჯელეს.
ამასთან, შეხვედრას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძეც ესწრებოდა, რომელმაც მრგვალი მაგიდის მონაწილეებს შშმ პირთათვის ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის მერიის მიერ შემუშავებული სერვისები გააცნო.
მოძრაობა “ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ახმეტელმა კი ევროპის ფონდის მიერ ორგანიზებული კვლევის “საჯარო ფინანსების გამოყენება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინკლუზიისა და თანამონაწილეობისათვის“ შედეგებსა და კვლევაზე დაფუძნებულ რეკომენდაციებზე ისაუბრა.
მრგვალი მაგიდა ევროკავშირის პროექტის “თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ABS), მის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა “ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით ახორციელებს.