საჯარო დაწესებულებებში პროგრამა “კარგი მმართველობა სამხრეთ კავკასიაში“ განხორციელდება

1497

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ და სამხრეთ კავკასიაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პროგრამის დირექტორმა კარსტენ პოსემ ერთობლივ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

დოკუმენტში ასახულია სამომავლო პროგრამის “კარგი მმართველობა სამხრეთ კავკასიაში“ შეფასების დასკვნა. დასკვნის თანახმად, პროექტი დაეფუძნება მიმდინარე რეგიონული პროგრამების გამოცდილებებსა და შედეგებს. ეს პროგრამებია – “ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა“, “საჯარო ფინანსების მართვა“ და “სამართლისა და სასამართლო სისტემის რეფორმის ხელშეწყობა“.

სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკური თანამშრომლობის მოდულის ამჟამინდელი მიზანი სამხრეთ კავკასიის ცენტრალური და ადგილობრივი დონის საჯარო დაწესებულებებში მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების გაუმჯობესებაა. ეს გულისხმობს – დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობას, საკონსულტაციო საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით და სხვა.

რეგიონული პროგრამის სამიზნე ჯგუფი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის აგრარულ დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობაა.

გერმანული მხარის დაფინანსებით, სახსრების მოსალოდნელი მოცულობა 15 600 000 ევროა.