გორის ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლა, შესაძლოა, კოლეჯად გადაკეთდეს, – ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის თქმით, ამ საკითხზე კომუნიკაცია კულტურის მინისტრის მრჩეველთან ჰქონდა.
“მნიშვნელოვანია შიდა ქართლს ჰქონდეს კოლეჯი, ამაზე დაიწყო უკვე საუბარი ბატონ გიორგი გეგეჭკორთან, რომელიც მინისტრის მრჩეველია. მასთან მქონდა კომუნიკაცია. ორი სკოლა არსებობს, რომელსაც აქვს ბაზა გახდეს კოლეჯი, ეს არის გორი და სენაკის. დიდი პროცედურებია საჭირო. ვფიქრობ, ამაში უნდა ჩაერთოს სამინისტრო და პარლამენტიც. ჩვენი მუნიციპალიტეტი მზაობას გამოთქვამს და ყველანაირად შევუწყობთ ხელს ამ პროექტის განცორციელებას”, – ამბობს დავით რაზმაძე
ამ დროისთვის, ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში 350 მოსწავლე სწავლობს.