მიმდინარე წლის აპრილის თვეში, გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის ბრძანებით, მერიის ყველა თანამშრომელმა ფულადი ჯილდო მიიღო, რაც თანამდებობრივი სარგოს 30%-ს შეადგენდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ჯამში მერიის თანამშრომლებზე ფულადი ჯილდოს სახით, 74 043 ლარი გაიცა. მათ შორის, მერიის ხელმძღვანელობისთვის – 2 550 ლარი; მერიის თანამშრომლებისთვის – 68 150 ლარი; შტატგარეშე თანამშრომლებისთვის – 3 343 ლარი.
შეგახსენებთ, რომ საჯარო სამსახურებში ფულადი ჯილდო თანამშრომელთა მიერ დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ასევე, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და მათ მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის გაიცემა.