თბილისში სამშენებლო დარღვევებზე ერთ წელში 34 მილიონ ლარამდე ჯარიმა გამოიწერა

749

თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განაცხადებით, სამშენებლო დარღვევებთან დაკავშირებით ერთი წლის განმავლობაში გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 34 მილიონ ლარამდეა. მისი თქმით, ეს არის ბიზნესსექტორზე განხორციელებული ფინანსური ტვირთი, იმიტომ, რომ არ ხორციელდება სამშენებლო ნორმების დაცვა.

“ჩვენ გვინდა, რომ მოვისმინოთ მათი მხრიდან რა პრობლემებთან არის დაკავშირებული ეს შესრულება, რადგან ეს ტემპი, რაც აქამდე ხორციელდებოდა, როგორც ჩანს, არ არის საკმარისი, ისევე, როგორც მათი მხრიდან შესრულების ხარისხი. გასაუმჯობესებელი გვაქვს როგორც კონტროლის მექანიზმები, ასევე მათი მხრიდან შესრულების ხარისხი და ამაზე გვექნება მათთან საუბარი”,- განაცხადა ხმალაძემ და დასძინა, რომ აკრძალეს K2 კოეფიციენტის მატება, რაც ბიზნესისთვის არ არის ხელსაყრელი.

“არც თუ ისე პოპულარული გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ არ შეიძლება უსაზღვროდ ვიფიქროთ ეკონომიკურ განვითარებაზე უბრანული სივრცეების ამოვსების ხარჯზე. ამ ბალანსს მუნიციპალიტეტი აუცილებლად დაიცავს ახლაც და მომავალშიც.

ჩვენ წელიწადზე მეტია ცვლილებებს ვახორციელებთ კანონმდებლობაში და თითოეული ეს ცვლილება მიმართულია იმისკენ, რომ მეტი უსაფრთხოება იყოს სამშენებლო მოედნებზე. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ ზეწოლას იწვევს ბიზნესსექტორზე და დღევანდელი შეხვედრაც სწორედ იმას ემსახურება, რომ მათი მხრიდანაც მოვისმინოთ ეს რა პრობლემებთან არის დაკავშირებული და ამ პრობლემების აღმოფხვრაზეც ვიმსჯელოთ. ყველას ერთი მიზანი გვაერთიანებს, რომ ადამიანი არ უნდა სახიჩრდებოდეს და არ უნდა იღუპებოდეს სამშენებლო მოედნებზე. ამისთვის არსებობს უსაფრთხოების ნორმები. ჩვენ არ გვაქვს უსაფრთხოების ნორმების ნაკლებობა, ჩვენ გვაქვს ამ ნორმების შესრულების არასაკმარისი ინსტრუმენტები და შესაბამისად, სწორედ ამაზე ვლაპარაკობთ. ჩვენ კარგად ვიცით, როცა მუშა სიმაღლეზე მუშაობს, ის ან დაბმული უნდა იყოს, ან ჯებირი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს რომ არ სრულდება, სწორედ ამაზე მუშაობს თბილისის მერია და სხვა უწყებებიც”,- განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს შენობაში შრომითი უსაფრთხოების თემაზე დეველოპერებს ხვდება. 2019 წლის პირველი ივლისიდან მუნიციპალიტეტები უწყებებთან ერთად კოორდინირებულად შრომის უსაფრთხოების მონიტორინგს განახორციელებენ. მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან კი შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი გაფართოვდება და ეკონომიკის ყველა სფეროზე გავრცელდება. შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი, საკრებულოს წევრები და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან.

ასევე, აღსანიშნავია, რომ უკანონო მშენებლობებზე ჯარიმები გაორმაგდა.