ავტორი: ირმა სინაურიძე-მაყაშვილი
ვინმე იან რეიზერს, ქალაქის მმართველობაში განცხადება შეუტანია, მადათოვის კუნძულს გავამაგრებ, ჯებირებს ავაშენებ და კეთილმოვაწყობ… მუშებსაც მე ვიქირავებ და საჭირო საშენ მასალასაც მე მოვიმარაგებ… ხარჯთაღრიცხვაც მიუყოლებია – 18 000 მანეთი გამომიყავითო… პატივცემულმა ქალაქის თავმა უფალ ჩერქეზოვს გადაუგზავნა განაცხადი: გაეცანი და დასკვნა ერთ კვირაში მომართვიო…
ქალაქის მმართველობის სხდომაზე ფინანსური კომისია მოუწვევიათ მიმდინარე წლის ბიუჯეტის განსახილველად. სათათბიროს წევრის, შოსტაკოვის განცხადებით, 1900 წელს ქალაქის შემოსავალი 1 244 791 მანეთი ყოფილა, გასავალი – 1 246 400… დიდი ხმაური აუტეხია უფალ შოსტაკოვს… ქალაქის თავზე მიუნიშნებია, მაგის ოინები იქნებაო.. დიდი დავიდარაბის შემდეგ ამდგარან და დიდი მთავრის, ნიკოლოზის სახელობის სასწავლებლისთვის შენახვის ხარჯები 3 546 მანეთიდან 1 845 მანეთამდე შეუმცირებიათ. აბა, საკუთარ ჯიბეს ხომ არ მოაკლებდნენო…
ქალაქის თავი, გიორგი ევანგულოვი კარგი ვექილი კია, მაგრამ ტფილისის მართვაში მოიკოჭლებს… ქალაქელი კაცია, აქ დაიბადა და გაიზარდა, ახალგაზრდობაში თეატრშიც თამაშობდა, ამბობენ, ძალიან კარგადაცო… სამი წლის წინ ქალაქის თავის არჩევნები უფალ გიორგი თუმანოვს 38 ხმით 34-ის წინააღმდეგ მოუგო… არჩევნების შემდეგ მადლობა გადაუხდია ხმოსნებისთვის და ისეთი სიტყვა წარმოუთქვამს, ის 34 ხმოსანიც, რომელიც მის არჩევას ეწინააღმდეგებოდა, ფეხზე წამომდგარი უკრავდა, თურმე, ტაშს… ორიოდე წლის წინ კნიაზმა გოლიცინმა ლამის მთლიანად დაანგრია ტფილის ქალაქის სათათბირო… სასამართლომ საქმე აღძრა და ევანგულოვი დააპატიმრა. მეტეხის ციხეში უკრა თავი მასთან დაახლოვებულ სხვა ხმოსნებსაცა… მართალია, სასამართლომ გაამართლა ისინი და გამოუშვა, მაგრამ მას შემდეგ ეს ამბავი დემოკლეს მახვილივით ჰკიდია ევანგულოვის თავზე, ჯანმრთელობაც შეერყა და გაზეთები წერენ, ორი თვით საზღვარგარეთ წაბრძანდა სამკურნალოდ, რადგან მუშაობა აღარ შეუძლიაო… სიკეთეც ბევრი აქვს გაკეთებული… საქართველოს ეგზარხოსის, ფლავიანეს თხოვნით, ტფილისელ დიდვაჭრებს თანხა შეაკრებინა სვეტიცხოვლის აღსადგენად… ამბობენ, ერთ თვეში იმდენი შემოწირულობა შეგროვდა, სვეტიცხოვლის აღდგენა კი არა, ათი ეკლესიის აშენება და დამშვენება შეიძლებაო… მისივე თაოსნობით, ტფილისში ფერწერისა და ძერწვის პირველი სკოლა გაიხსნება მალე, ტფილისი-ყარსის რკინიგზის ხაზიც… ქვეყნისთვის ძალიან საჭირო და სარგებლიანი საქმეა ერთიცა და მეორეცაო…
სხვა რა… ამ დღეებში ვაჭრობაა დანიშნული ქალაქის აფიშების გასაკვრელ ჯიხურებზე. სერგო ეგანოვს ხუთწლიანი ვადით უნდა დააკისრონ აღნიშნული საქმე იმ პირობით, რომ ამ უკანასკნელმა, ქალაქის სასარგებლოდ, წელიწადში 1 445 მანეთი გადაიხადოს… ქალაქის ცენტრალური სამკურნალოსთვის შენობას ეძებენ… გენერალ ბუჩკიევს საკუთარი სახლი შეუთვაზებია ქალაქისთვის, მაგრამ კომისიას სამკურნალოსთვის შეუფერებლად ჩაუთვლია და უარი უთქვამს… კახეთის მოედანზე ქალაქის მთავარ სანიტარულ ექიმს თევზის დუქნებში რევიზია ჩაუტარებია, უამრავი თევზი გადაუყრევინებია და ზაფხულის ხვატში მოხარშულის გაყიდვაც აუკრძალია…
ამ დღეებში მოხდა სხდომა ქალაქის სასანიტარო კომისიის წევრთა. კომისიამ აღნიშნა მრავალი ზომა, რომელიც მიღებული უნდა იქმნას ქალაქის გასუფთავებისა და სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. განზრახულია, დაარსდეს საზოგადო სამრეცხაოები ქალაქის სხვადასხვა ადგილას, რათა ბოგანოებს სუფთად არსებობის შესაძლებლობა ჰქონდესო…
კომისიამ, რომელსაც მინდობილი ჰქონდა ფუნიკულიორის შესახებ პირობების განხილვა, ტფილისის “კონკის” დირექტორის, რობის მიერ წარმოდგენილი პირობა დაამტკიცა… პირობაში სწერია, რომ 45 წლის შემდეგ ფუნიკულიორი უსასყიდლოდ გადაეცემა ქალაქს. გარდა ამისა, რობი დაავალდებულეს, რომ 5 წლამდე ბავშვები, ფოსტის დამტარებლები და ჟანდარმები უფასოდ იმგზავრებენ… მთაწმინდასა და კოჯორს შორის ელექტრულ რკინიგზასაც გაიყვანენ თურმე… დიდი ეშმაკია ეს ჩვენი ბელგიელი, როგორც კი ხელშეკრულება გააფორმა, მთაწმინდის მიწა ნაკვეთებად დაყო და აგარაკების სახით მის გაყიდვას შეუდგა, იქვე დატოვა ადგილი ფუნიკულიორისთვისაც… ქალაქელებმა რობის წინააღმდეგ საჩივარი აღძრეს. თუ საქმის კეთება დაიწყო, დაასრულოს, თუ არა, საიდანაც მოსულა, იქითკენ გავუყენებთ გზასაო… მიწა უსახლოდ აღარ დატოვეს, მტკვრის ორივე მხარეს გროვა-გროვად არის შენობები, ახლა მთაწმინდაც მოინდომეს… ისე, გოლოვინის პროსპექტზე თავი ევროპაში გეგონება, სულ ხეებითა და ევროპული მაღაზიებით არის შემკული. ტროტუარებიც ისე გააფართოვეს, აჭარის შარაგზაზე უფრო ფართოაო, – ამაყად აუღერებიათ თავი ქალაქელებს… მე-20 საუკუნის გარიჟრაჟი იყო საქართველოში…