სამ თვეში მივლინებებზე ბიუჯეტიდან 18 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა

774

2019 წლის პირველ სამ თვეში მივლინებებზე 18.3 მილიონი ლარი დაიხარჯა, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის სამ თვეში ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლებიდან მიმართული ადმინისტაციული ხარჯების შეჯამებაშია აღნიშნული.

უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის სამ თვეში მივლინებებზე დახარჯული თანხა, დაახლოებით, 1.6 მილიონი ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. უფრო კონკრეტულად კი, 2018 წელს პირველ სამ თვეში მივლინებეზე ბიუჯეტიდან 16.7 მილიონი ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება მივლინების ხარის მხარჯავი უწყებების მიხედვით გადანაწილებას, ყველაზე მეტი თანხა, კერძოდ 9.9 მლნ ლარი თავდაცვის სამინისტრომ დახარჯა, თუმცა უწყების ინფორმაციით, 9 540 489 ლარიდან 8 385 843 ლარი მისიებში დაიხარჯა, 859 670 ლარი ქვეყნის გარეთ, მათ შორის, ავღანეთში მივლინებების ხარჯებია, 294 976 ლარი კი – ქვეყნის შიგნით მივლინებებზე მოდის.

განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხარჯი სამ თვეში 1.2 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო საქართველოს შინაგან საქეთა სამინისტროს ხარჯი კი 1.1 მილიონი ლარით განისაზღვა.

სხვა სამინისტროების მიერ სამი თვის განმავლობაში მივლინებებზე დახარჯული თანხა კი ასე გამოიყურება: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის აპარატი – 66,360 ლარი; ფინანსთა სამინისტრო – 456 330 ლარი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 541 870 ლარი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 38 942 ლარი; იუსტიციის სამინისტრო – 196 746 ლარი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 377 379 ლარი; საგარეო საქმეთა სამინისტრო – 576,472 ლარი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 621,820 ლარი.

ამასთან, აუდიტის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ სამ თვეში მივლინებებზე 1.2 მილიონი ლარი დახარჯა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 558 702 ლარი, ხოლო საქართველოს პარლამენტმა და მასთან არსებულმა ორგანიზაციებმა 771 865 ლარი.