ადიგენის სოფელ ნაქურდევში გზის რეაბილიაციას ითხოვენ

1009

ადიგენის სოფელ ნაქურდევში კილომეტრნახევრიანი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ რამდენიმე ათეული წელია, რაც ასფალტი არ ჰქონიათ. ინფორმაციას სახმრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მათივე თქმით, რომ ბოლო წლებში გზის მდგომარეობა უფრო და უფორო გაუარესდა და წვიმაში გავლა შეუძლებელი გახდა.

“სოფელში ბავშვს ვერ გაუშვებ, ისეთი მდგომარეობაა გზებზე. ჩვენს მთავრობას მხოლოდ არჩევნების დროს ვახსენდებით, ახლა არ აინტერესებთ, აქ რა ხდება”, – ამბობენ ადგილობრივები.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ნაქურდევის გზის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოებისათვის ტენდერი უკვე გამოცხადდა და მისი დაპროექტება წელსვე დასრულდება, თუმცა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება თუ არა, ინფრასტრუქტურის სამსახურში ამაზე პასუხი არ აქვთ.

“ჯერ გზა უნდა დავაპროექტოთ. წელსვე დავიწყებთ თუ არა სამუშაოებს, არ ვიცით, რადგან უნდა დავადგინოთ, რა თანხა იქნება საჭირო, მერე ის თანხა გვექნება მოსაძიებელი და შესაძლოა, ეს ყველაფერი წელს ვერ მოხდეს“, – განმარტავას ადიგენის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოდერძი სხირტლაძე.

საპროექტო სამუშაოებისათვის მერიამ ტენდერი 47 297 ლარზე გამოაცხადა, ამ დროისათვის კი მიღებული წინადადებების შერჩევა–შეფასება მიმდინარეობს.

სოფელ ნაქურდევში 30–მდე კომლი ცხოვრობს, სოფელი ზღვის დონიდან 1 160 მეტრზე მდებარეობს.