საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლათს ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიენიჭა.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაჭაში შემოვიტანოთ ახალი სიცოცხლე, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის მას, ვინც იძულებული იყო, დაეტოვებინა მამაპაპისეული სახლები, შევუქმნათ შესაძლებლობები, დაბრუნდეს საკუთარ ულამაზეს კუთხეს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაჭა შემოუერთდა ჩვენს ეროვნულ იდეას – განათლებას. ეს არის კუთხე, სადაც წიგნი ყოველთვის განსაკუთრებით უყვარდათ და აფასებდნენ. ჩვენ მომავალი წლის ბოლომდე რაჭაში ყველა სკოლის რეაბილიტაციას დავასრულებთ და ავაშენებთ ახალ სკოლებს.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენ შევძელით რაჭაში ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა. უკვე 160 საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს რაჭაში და ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს უნიკალური სოფელი ამის ნათელი დასტურია”,- განაცხადა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ადგილობრივებთან შეხვედრისას.