თემქის ხევში საქალაქო პარკი მოეწყობა

1288

თემქის ხევში საქალაქო პარკი მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ ადგილობრივი მოსახლეობისთვის თემქის ხევის კვლევის შედეგების წარადგენისას განაცხადა.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, თემქის ხევის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა დედაქალაქის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის მიხედვით განისაზღვრა. გენგეგმის რეკომენდაციის გათვალისწინებით, თბილისის მერიამ ჩაატარა წინასაპროექტო კვლევა, რომელმაც 25 ჰექტარი მოიცვა. კვლევის შედეგებით, პარკის მოწყობის შესაძლებლობა 20 ჰექტარზე დადასტურდა.

მაია ბითაძის თქმით, ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება მდინარის გახსნა.

“ამ პარკში ვფიქრობთ, რომ განთავსდება და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ მდინარე გაიხსნას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ ზღვის უბანს მოვუწყოთ არაჩვეულებრივი ახალი საქალაქო პარკი, რომლის პრეცედენტი, ვფიქრობ, რომ საქართველოში არ ყოფილა. ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი. უახლოეს მომავალში დაიწყება უშუალოდ საპროექტო სამუშაოები და სამშენებლო სამუშაოებიც, ვფიქრობ, ძალიან წარმატებულად განხორციელდება“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.