საქართველოს პარლამენტი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამატებით ოქმს შეურთდა

1295

საქართველოს პარლამენტმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით “ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის” დამატებითი ოქმი მიიღო.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, “უტრეხტის ოქმი“ შემუშავებულია ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ და წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამატებით ოქმს, სადაც აქცენტი თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე კეთდება.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, “ევროპულ ქარტიას” საქართველომ ხელი 2002 წელს მოაწერა, ხოლო საქართველოს პარლამენტმა მისი რატიფიცირება 2004 წელს მოახდინა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოში თვითმმართველობის სისტემის შექმნისა და გაძლიერებისთვის. მისივე განცხადებით თვითმმართველობის განვითარების პროცესზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ მასში საზოგადოების მონაწილეობა ფუნდამენტური საკითხია, რაც კიდეც ცალკე დოკუმენტის სახით გამოიყო.

“მინდა ყველას მივულოცო ეს გადაწყვეტილება, რადგან საქართველო რიგით მეორე მსხვილ ევროპულ დოკუმენტს შეუერთდა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. დღეს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უფლების შესახებ “ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის“ დამატებითი ოქმის მიღებას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მიმდინარეობს დეცენტრალიზაციის რეფორმაზე მუშაობის აქტიური პროცესი და ამასთან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში გვაქვს ვალდებულება, შევქმნათ ისეთი პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ფართო მონაწილეობას და ჩართულობას, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ თვითმმართველობის გაძლიერებისთვის გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მათ შორის, საკონსტიტუციო გარანტიები, დღეს მნიშვნელოვანი იყო, მოგვეხდინა იმ ღირებულებების დეკლარირება, რომელზეც დგას ევროპული ადგილობრივი თვითმმართველობა“,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.