ჭიათურის თეატრი მაღაროელთა პროტესტს შეუერთდა. გაფიცულთა სოლიდარობის ნიშნად მსახიობები მერიასთან შეიკრიბნენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
მათი თქმით, მხარდაჭერა ჯერ კიდევ უკრაინაში გასტროლებზე ყოფნისას გამოუცხადეს ახლა კი თანადგომის ნიშნად ფესტივალებში მონაწილეობაზე და სპექტაკლების დადგმაზე უარი თქვეს.
მათი პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მაღაროელთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
დამსაქმებელთან უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი გრძელდება. მათ სკოლის მოსწავლეები, ბაზრობის და მაღაზიების თანამშრომლები და მოსახლეობის ნაწილი შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაიხურება სკოლები, ბაღები, მაღაზიები და მთელი ქალაქი გაიფიცება. მე-11 დღეა საწარმოო პროცესი ყველა მაღაროში შეჩერებულია.
პარალელურად კი, გაფიცული მუშების ერთი ნაწილი მე-11 დღეა შიმშილობს. მათი თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები სრულად არ იქნება დაკმაყოფილებული. ამასთან, ნაწილმა რამდენიმე დღის წინ პირი ამოიკერა.
ცნობისთვის, პრემიერის დავალებით, ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების საქმესთან დაკავშირებით, ადგილზე ეკონომიკის, განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრები ჩავლენ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით კი, ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების საკითხში პარლამენტიც ჩაერთვება.