ბახტაძე: თვითმმართველობის განვითარება ჩვენი პოლიტიკური გუნდის პრიორიტეტია

853

თვითმმართველობის განვითარება არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის პრიორიტეტი, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით,  რეგიონების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.

“ქუთაისში დავათვალიერეთ ახლად რეაბილიტირებული 33-ე სკოლა. ამ სკოლის რეაბილიტაციაში მონაწილეობა მიიღო “ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“. ამისათვის მათ მადლობა მინდა გადავუხადო. სკოლები განათლება, ეს არის ჩვენი ეროვნული იდეა, ჩვენთვის ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი . ჩვენ, დაახლოებით, შვიდი მილიარდი ლარის ინვესტიციები დაგვჭირდება მომდევნო წლების განმავლობაში, რომ საქართველოში ყველგან, ყველა კუთხეში, ყველა დასახლებულ პუნქტში გვქონდეს უმაღლესი კატეგორიის და სტანდარტის სკოლები, ისეთი, როგორიც მაგალითად, დღეს არის 33-ე სკოლა ქუთაისში.

წყალტუბოში ვესწრებით ძალიან მნიშვნელოვან ფორუმს. თვითმმართველობის განვითარება არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის პრიორიტეტი. მე, დღეს, სხდომაზეც აღვნიშნე, რომ ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს. რეგიონების თანაბარი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ ეფექტურები სიღარიბის დაძლევაში. სამწუხაროდ, არასწორად წარმოებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ჩვენ მოგვცა სერიოზული ჩამორჩენა გარკვეული რეგიონების, რომელიც ძალიან მძიმედ აისახა სოციალურ ფონზე, აქედან გამომდინარე, რეგიონების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და აქ, ბუნებრივია, თვითმმართველობის შესახებ რეფორმას ექნება გადამწყვეტი როლი. მოგეხსენებათ, რომ შარშან, 2018 წლის გაზაფხულზე, ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი ხედვა და ერთგული ვართ ამ ხედვის, რომ საქართველოში ჩამოვაყალიბოთ, ძლიერი თითმმართველი ორგანოები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.