საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ არბოში ლომოურის მუზეუმის აღდგენის შესახებ მიღებული დაპირების შესრულებას ითხოვენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მუზეუმის რეაბილიტაციის შესახებ დაპირება ადგილობრივი ხელისუფლებისგან წლის დასაწყისში მიიღეს, თუმცა ამ დრომდე აქ არანაირი სამუშაოები არ დაწყებულა.
მიმდინარე წლის თებერვალში შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სახლ-მუზეუმს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა და ეზო მოწესრიგდებოდა, ასევე, ადგილობრივებმა მუზეუმში მდებარე ბიბლიოთეკის აღდგენის პირობაც მიიღეს.
“სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. პროექტირება უკვე დასრულებულია და ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება”, -აცხადებდა მხარის სახელმწიფო რწმუნებული 3 თვის წინ. თუმცა სამუშაოები რომ ამ დრომდე არ დაწყებულა, ადგილობრივებთან ერთად კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოც ადასტურებს.
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 4 მუზეუმი, მათ შორის, ნიკო ლომოურისაც სწორედ აღნიშნული სააგენტოს ბალანსზეა.
“გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მუზეუმებიდან, შესაძლოა, ითქვას, რომ ყველაზე სავალალო მდგომარეობაში არბოში მდებარე ლომოურის სახლ-მუზეუმია. ჩამოშლილია უკანა კედელი, საყდენი კოჭებია ჩაშლილი და ა.შ. ყოველ წამს მოსალოდნელია მისი ჩავარდნა. წლებია, ეს მუზეუმი დაკეტილია და არავინ შედის. გუბერნია დაგვპირდა, რომ წელს მოხდება მისი რეაბილიტაცია”, – ამბობს კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ქვათაძე.
დაგეგმილი სამუშაოების ვადებზე “რადიო მოზაიკა” გორის მერიასაც დაუკავშირდა, თუმცა, ჯერჯერობით მერიას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.