გორის სოფელ ნიქოზის საბავშვო ბაღს ატრაქციონები და ტელევიზორები გადასცეს

950

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის საბავშვო ბაღს ახალი ინვენტარი და ორი ტელევიზორი გადასცეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობლის ნინო მინდიაშვილის განმარტებით, ასოციაცია “თანხმობას” მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა მიიღეს მონაწილეობა და წარდგენილმა განაცხადმა მხარდაჭერა მოიპოვა. 17 მაისს კი უშულალოდ პროექტით გათვალისწინებული ნივთების გადაცემა მოეწყო.

“როდესაც გავიგე, რომ აღნიშნული ორგანიზაცია საგრანტო კონკურსს აცხადებდა, როგორც მშობელმა გამოვთქვი ინიციატივა, საბავშვო ბაღში ატრაქციონებითა და ტელევიზორებით აღჭურვის შესახებ ერთობლივი განაცხადი მოგვემზადებინა. იდეა მოეწონათ სხვა მშობლებსაც დავწერეთ პროექტი და გავიმარჯვეთ კიდეც. დღეიდან ჩვენს საბავშვო ბაღს ორი ტელევიზორი და ახალი ატრაქციონები აქვს”, – ამბობს ნიქოზში მცხოვრები ნინო მინდიაშვილი.

საბავშვო ბაღში გამართულ შეხვედრას, ასოციაცია “თანხმობას” წარმომადგენლებთან ერთად გორის მერის მოადგილე ეკა სუხიშვილი და სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილი ესწრებოდნენ.