“სამართლიანი არჩევნები” ბიულეტენების ჩაყრის, ამომრჩეველზე ზედმეტი ბიულეტენის გაცემისა და სხვა დარღვევების შესახებ საუბრობს

931

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა. რიგ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები. ზუგდიდისა და მარნეულის რამდენიმე უბანზე ადგილი ჰქონდა დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვას.

ამ ეტაპზე, დარღვევების სიმრავლით გამოირჩევა მარნეულის N68 საარჩევნო უბანი, სადაც დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის გარდა, დაფიქსირდა ბიულეტების ჩაყრა და სხვადასხვა პროცედურული დარღვევები. ფიზიკური დაპირისპირება და არეულობა დაფიქსირდა მარნეულისა და ზუგდიდის ცალკეულ საარჩევნო უბნებზე.

უმეტეს ოლქებში ტენდენციის სახით შეინიშნება საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიული აქტივისტების მობილიზება, რომლებიც რიგ შემთხვევებში აღრიცხავენ უბანზე მოსულ ამომრჩეველს.

დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა

მარნეულის 68-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი სრულიად გაუმჭვირვალეა. კომისია იმგვარად არის განთავსებული სარეგისტრაციო მაგიდებთან, რომ პროცესზე დაკვირვება შეუძლებელია. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების უფლება შეუზღუდა. ამავე უბანზე, ერთ-ერთმა რეგისტრატორმა ამომრჩეველს ხელი სხვა ამომრჩევლის გრაფაში მოაწერინა, რაზეც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის რეაგირების შემდგომ, კომისიამ დამკვირვებლის უბნიდან გაძევების შესახებ ოქმის შედგენა განიზრახა.

ზუგდიდის N44 და N100 საარჩევნო უბნებზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები დროულად არ დაუშვეს და შეუზღუდეს სრულყოფილად დაკვირვების განხორციელების შესაძლებლობა.

ზუგდიდის N70 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს კომისიის წევრმა შეუზღუდა ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება, რათა მას არ დაეფიქსირებინა უბანზე არსებული არეულობა.

ბიულეტენების ჩაყრა

მარნეულის N68-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა საარჩევნო ყუთში ოთხი ბიულეტენი ჩააგდო და უბნიდან ისე გაიქცა, რომ სავარაუდოდ თან წაიღო რამდენიმე ბიულეტენი.

არეულობა უბანზე

ზუგდიდის N97 საარჩევნო უბანზე იყო არეულობა და დაპირისპირება კომისიის თავმჯდომარესა და უბანზე მყოფ პირებს შორის. უბანზე გამოიძახეს პოლიცია რის შემდეგაც სიტუაცია განიმუხტა.

საარჩევნო კომისიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა

მარნეულის N89-ე უბანზე ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა კომისიის საქმიანობა შეაფერხა. იგი ერთ-ერთ ამომრჩეველს ადანაშაულებდა არაერთგზის ხმის მიცემაში, თუმცა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, მოქალაქეს მარკირება არ აღენიშნებოდა და იგი 89-ე უბნის სიაში ნამდვილად ირიცხებოდა. პარტიის წარმომადგენელმა კომისიის თავმჯდომარეს ფიზიკური შეურაცყოფაც მიაყენა. მოგვიანებით, სიტუაცია განიმუხტა და ამჟამად საარჩევნო პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

არაუფლებამოსილი პირები კენჭისყრის შენობაში

ზუგდიდის N1, N10, N16, N44, და N78 უბნებზე აკრედიტაციის გარეშე იმყოფებოდნენ, მათი თქმით ტელეკომპანია „იმედის“ წარმომადგენლები, რომლებიც აწარმოებდნენ ფოტო-ვიდეო გადაღებას.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

ზუგდიდის N63 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა სარეგისტრაციო მაგიდასთან.

მარნეულის N84 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს, რომელსაც არ ესაჭიროებოდა დახმარება კაბინაში შეყვა სხვა ამომრჩეველი.

აგიტაცია საარჩევნო უბანზე

მარნეულის N52-ე უბანზე იმყოფებოდა უცნობი პირი, რომელიც მდივანს რეგისტრაციაში არ გაუტარებია. აღნიშნული პირი, ერთ-ერთ დამკვირვებელს ხმის მიცემის პროცესში კარნახობდა, რომ უნდა შემოეხაზა “41”. ამ ფაქტის შემდგომ კომისიის თავმჯდომარემ პირი საარჩევნო უბნიდან გააძევა. შესაბამისი საჩივრები წარდგენილია სარჩევნო უბანსა და ოლქში

რეგისტრატორის მიერ ზედმეტი ბიულეტენის გაცემა

ზესტაფონის N44 საარჩევნო უბანზე, ხულოს N1 საარჩევნო უბანზე და ოზურგეთის N57 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორებმა ამომრჩეველს გადასცეს 3 ზედმეტი ბიულეტენი.

ზუგდიდის N90 საარჩევნო უბანზე  რეგისტრატორებმა გასცეს 5 ზედმეტი ბიულეტენი.

პროცედურული დარღვევები

მარნეულის N25-ე საარჩევნო უბანზე წილისყრა ჩატარდა დარღვევით. დამკვირვებლის შენიშვნის შემდგომ, კომისიამ ხელახლა, პროცედურების დაცვით ჩაატარა ორივე წილისყრა.

ზუგდიდის N18 საარჩევნო უბნის რეგისტრატორმა საარჩევნო ბიულეტენს ხელი არ მოაწერა და არ დაამოწმა კომისიის სპეციალური ბეჭდით.

ზუგდიდის N3 საარჩევნო უბანზე  ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ ბიულეტენი საარჩევნო ყუთშიკონვერტის გარეშე ჩააგდო.

მარნეულის N10 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის გამყოლმა კომისიის წევრება 5 ამომრჩეველზე ბიულეტენები კომისიის ხელმოწერების გარეშე გასცეს.

ხულოს N8 და მარნეულის N25 საარჩევნო უბნებზე ერთიან სიაში არ იყო აღნიშნული გადასატანი ყუთის სიაში შეტანილი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია.

მარნეულის N68-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები წილისყრით განსაზღვრულ ფუნქციებს ერთმანეთში რეგისტრაციის გარეშე ცვლიან.

მარკირების წესის დარღვევა

მარნეულის 84 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დაწყებიდან სისტემატური სახე აქვს მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემას.

უბნების მიმდებარედ კოორდინატორების მობილიზება და ამომრჩეველთა აღრიცხვა

ადიგენი N2 საარჩევნო უბანთან ამომრჩეველთა სიებით ხდება უბანზე მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა.

მთაწმინდის N1, N22 და N25 უბნებზე ნაკადის მარეგულირებელთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი“-ს აკრედიტირებული დამკვირვებლები მოსული ამომრჩევლების პირადობის მოწმობებს ამოწმებდნენ და შემდგომ ტელეფონის გამოყენებით, მათ ვინაობას დაუდგენელ პირებს გადასცემდნენ.

ოზურგეთი N57, ზუგდიდი N94, ხულოს N32 საარჩევნო უბნების მიმდებარედ მობილიზებული არიან „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და აღრიცხავენ მოსულ ამომრჩეველს.

ჭიათურის საარჩევნო ოლქის N19 და N58 საარჩევნო უბნებთან შეინიშნება ე.წ. კოორდინატორების მობილიზება როგორც “ქართული ოცნების” ასევე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან.

მარნეულის N21 საარჩევნო უბანზე არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი ამომრჩევლის პირად ნომერს იწერდა სიიდან, რაზეც “სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შემდეგ კომისიამ მოახდინა რეაგირება და პირმა შეწყვიტა მონაცემების აღრიცხვა.

“სამართლიანი არჩევნები” შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა/ID ბარათი ან პასპორტი.

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს შესაბამის ოლქებში, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.

„სამართლიანი არჩევნები“ ასევე მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ნებისმიერ მხარეს, პატივი სცენ საარჩევნო პროცედურებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში წარმართვას და ამომრჩეველთა ნების თავიუსფლად გამოვლენას.