ქუთაისის მერია ყოფილი მუზეუმის ფასადზე 7000-ლარიან საინფორმაციო ბანერს განათავსებს

1231

ქუთაისის მერია ყოფილი მუზეუმის შენობაზე 7 000 ლარიანი ბანერის განსათავსებლად ტენდერს აცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ “ნიუპრესი” ავრცელებს. საინფორმაციო ბანერი შენობის წინა ფასადზე განთავსდება.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ბანერი საინფორმაციო ხასიათის იქნება და მასზე მერიის მიერ შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია განთავსდება.

სატენდერო პირობების თანახმად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ტექნიკური მახასიათებლების, შესაბამისი ხარისხის მქონე პოლიმერული ფირით საინფორმაციო ბანერის დამზადება, წინასწარ შემუშავებული და შემსყიდველთან შეთანხმებული დიზაინით.

შენობაზე ბანერი წინა წლებშიც იყო განთავსებული, თუმცა, ის ძლიერმა ქარმა დააზიანა. გამოცემის ცნობით, შენობა გასულ წელს ეკონომიკის სამინისტრომ გასაყიდად გაამზადა. მისი შეძენით ბიზნესმენი თემურ ჭყონია იყო დაინტერესებული, თუმცა, საბოლოოდ, ის არ გაიყიდა და კვლავ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.