როგორ თბილისის მერმა კახა კალაძემ “იმედი LIVE-ის” ეთერში განაცხადა, იპოდრომის ტერიტორია “გაკორპუსებას თუ ბეტონიზაციას” იმიტომ გადაურჩა, რომ კერძო საკუთრებაა და ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.
”რაც შეეხება იქვე მიმდებარე კორტებს, ეს ყაზახ ბიზნესმენზე იყო გაყიდული და მის საკუთრებაში გახლდათ. დღეს ტერიტორია არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. ძველ მესაკუთრესთან კი მიმდინარეობს მონაცვლეობის პროცესი, ნაწილობრივ შესრულებულია, თუმცა არ არის ბოლომდე მიყვანილი.
მერიის პოზიციაა, რომ იპოდრომის მიმდებარე კორტების ტერიტორიაზე აღდგება ჩოგბურთის კორტები და ის ინფრასტრუქტურა, რაც ადრე იყო. იმედია, ამასობაში სრულად მოგვარდება მიწების მონაცვლეობაც. მსგავსი პროცესი მიმდინარეობს სასტუმრო “ბუდაპეშტის” პროექტის და ტერიტორიის მეპატრონესთანაც, თუმცა იქ ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ და ალტერნატიული მიწის ნაკვეთების შერჩევის პროცესი გრძელდება”,- აცხადებს თბილისის მერი.
წამყვანის კითხვაზე, მოხდება თუ არა იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობა, თბილისის მერი პასუხობს:” მას ჰყავს კონკრეტული მეპატრონე და მე ვერ გეტყვით რას გეგმავს იგი. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ტერიტორიის მეპატრონე ბიძინა ივანიშვილია. იპოდრომი არის რეკრეაციული ზონა და იქ რაიმე ტიპის განაშენიანების ან სამშენებლო სამუშაობის წარმოება წარმოუდგენელია”.