“ბუდაპეშტის“ მფლობელი: არ აქვს მნიშვნელობა, ბიზნესს ვაკის პარკში გავაკეთებთ, ვარკეთილში თუ გლდანში

748

წინა სტატია

“მოხარული ვარ, რომ დასრულდა ეს მოლაპარაკებები, მადლობა მერიას, რომ დაძაბულობა და დაპირისპირება მოგვაშორა”, – განაცხადა დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელმა გოგა ზაქაიძემ. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

მისივე თქმით, მერიის მიერ შემოთავაზებული ვარიანტები არის ადეკვატური, ამიტომ კომპანია მერიის წინადადებას დათანხმდა.

“მართალი გითხრათ, მოხარული ვარ, რომ დასრულდა ეს მოლაპარაკებები. მერია წამოვიდა შემხვედრ წინადადებაზე, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო, რომ დაძაბულობა და დაპირისპირება მოგვაშორა. მოვილაპარაკეთ იმაზე, რომ კონკრეტულ ობიექტებზე შევთანხმდებით. ჩვენმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავთანხმდეთ ჩანაცვლებაზე ან გამოსყიდვაზე. ჩვენ გვაქვს ალტერნატივა, რომ ამოვარჩიოთ ჩამონათვალიდან, რომელი ობიექტი უფრო გვაწყობს. რამდენიმე დღეში დავასრულებთ ამ პროცესს. ჩანაცვლება ან გამოსყიდვა ჩვენ გვაკმაყოფილებს, უბრალოდ არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი.

მე შევხვდები ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებს, რომ ერთად გადავწყვიტოთ, რომელ მხარეს წავა ჩვენი ინტერესი. ჩვენ შეგვეძლო სასამართლო პროცესებისკენ წასვლა, შევეცდებოდით მშენებლობის ნებართვის აღდგენას, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე შეთანხმების გაფორმება ვარჩიეთ. შემოთავაზებული ვარიანტები არის რეალობასთან ახლოს და ადეკვატურია, ამიტომ დავთანხმდით გაცვლაზე. ჩვენთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ბიზნესს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გავაკეთებთ, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მთაწმინდაზე, ვარკეთილში თუ გლდანში. იქ არის საინტერესო ვარიანტები, თუმცა ამ ეტაპზე ადგილმდებარეობას ვერ დავაკონკრეტებ“, – განაცხადა ზაქაიძემ.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება.