საბურთალოზე, იპოდრომის მიმდებარედ ჩოგბურთის კორტების ტერიტორიაზე, სპორტული ინფრასტუქტურის მოწყობა 2019 წლისთვის დაიწყება.
აღნიშნული ტერიტორია თბილისის მერმა კახა კალაძემ და მისმა მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერეს.
“უცხოელ მესაკუთრესთან მოლაპარაკებები, დაახლოებით, 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტერიტორია, სადაც ადრე კორტები არსებობდა, 2009 წელს გასხვისდა. უცხოელ ინვესტორს აღნიშნული ნაკვეთის გარდა, ასევე,ზემოთ მიწის ნაკვეთიც ჰქონდა, სადაც დღეს საავტომობილო გზა გადის, თუმცა მას საკუთრებაში არსებული ტერიტორია, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე წაართვეს.
ქალაქის განვითარების ინტერესები პრიორიტეტულია, მაგრამ როდესაც საქმე კერძო საკუთრებას ეხება, პირადად ჩემთვის და ჩვენი თანაგუნდელებისთვის, მისი ჩამორთმევა კატეგორიულად მიუღებელია.
კომპანიასთან ადგილმონაცვლეობაზე მრავალთვიანი მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა და ადგილი, სადაც ადრე სპორტული ინფრასტრუქტურა იყო განთავსებული, ქალაქს უბრუნდება.
აღნიშნულ ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურა – ჩოგბურთის კორტები, მინი საფეხბურთო მოედნები და თუ შესაძლებელი იქნება, საცურაო აუზიც მოეწყობა, რომლითაც, არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონის მცხოვრებლები ისარგებლებენ. დღეს, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ქალაქში, მწვანე სივრცეები, სკვერები, პარკები და სპორტული ინფრასტრუქტურაა”, – განაცხადა კალძემ.
7 ნოემბერს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, ცნობილი გახდა, რომ მერიამ 2009 წელს გასხვისებული ყოფილი ჩოგბურთის კორტების ტერიტორია, რომელიც იპოდრომის მიმდებარედ მდებარეობს, დაიბრუნა.