ბახტაძე: პედაგოგების ხელფასი საქართველოში საშუალო ხელფასზე მცირეა

839

სადაც პედაგოგისა და მასწავლებლის როლი შესაბამისად დაფასებული არ არის, ასეთ სახელმწიფოს არათუ მომავალი არ ექნება, არამედ, შეიძლება, თავისი წარსულიც დაკარგოს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განაცხადა.

სასახლეში სემინარი “მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა, რომელზეც ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით პრემიერმა მიმართა.

“პედაგოგების ხელფასი საქართველოში საშუალო ხელფასზე მცირეა და ეს ძალიან მძიმე მოცემულობაა. მოგეხსენებათ, ამ დღეებში საქართველოს პარლამენტში განიხილება ჩემი ინიციატივა ეროვნული იდეის, განათლების რეფორმის შესახებ, რომლის თანახმადაც ჩვენ, ჩვენი მთიანი შიდა პროდუქტის 6%-ს, ანუ ბიუჯეტის მეოთხედს ყოველთვის მივმართავთ განათლებისკენ. ეს შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ნებისმიერი მთავრობისთვის ვალდებულება იქნება.

ერთ-ერთი მიზანი, ბუნებრივია, ის არის, რომ პედაგოგი, როგორც პროფესია, საქართველოში დაფასებული და პრესტიჟული იყოს. ღრმად მწამს, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში, სადაც პედაგოგის და მასწავლებლის როლი არ არის შესაბამისად დაფასებული, ასეთ სახელმწიფოს 21-ე საუკუნეში არათუ მომავალი არ ექნება, არამედ, მან შეიძლება, თავისი წარსული და ფასეულობებიც დაკარგოს.

შესაბამისად, მინდა, თითოეულ თქვენგანს მივმართო და ვთხოვო, რომ ეს არის ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა გავერთიანდეთ. მაქვს იმის პატივი, რომ დღეს მივმართო საზოგადოებას, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის განათლების ფასი და ის, რომ სწორედ განათლებაშია საქართველოს ერთადერთი წარმატება“, – განაცხადა პრემიერმა.