ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე ჩამოწოლილი დიდი ზომის ლოდების დაშლა დასრულდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ნაშალი მასის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და დღის ბოლომდე დასრულდება.
“ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე, გაწმენდითი სამუშაოები წელს, რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ აპრილის თვეში უხვი ნალექის გამო 15 აპრილს დაიწყო. ამასთანავე, გზის 22-ე და 25-ე კილომეტრებზე ჩამოსული იყო დიდი ზომის ლოდები, ასევე, აღნიშნული გზის 56-ე კმ-ის ზემოთ ჯერ ისევ თოვლია. ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები წინა წლებში არ დაფიქსირებულა, რამაც სამუშაოები დროებით შეაფერხა.
ამ ეტაპზე, გაწმენდითი სამუშაოები ინეტსნიურად მიმდინარეობს და თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება მაისის ბოლომდე აღდგება”, – განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე, კონტრაქტორი ორგანიზაცია სამუშაოებს, ამ დროსითვის მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში აწარმოებს. ხოლო ტენდერის შედეგად გამოვლენილი კონტრაქტორი მოწვეულია ხელშეკრულების ხელმოსაწერად და 7 მაისს ხელშეკრულება გაფორმდება, რის შემდეგაც ახალი კომპანია გააგრძელებს გაწმედნით სამუშაოებს.
“აღნიშნული მონაკევთის გაწმენდა რთული კლიმატური და რელიეფური პირობების გამო ზამთრის პერიოდში ვერ ხერხდება და შესაბამისად საავტომობილო მიმოსვლა ზამთრში აკრძალულია. სხვა პერიოდში კი გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისათვის.
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სატრანსპორტო გზად ითვლება”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.