ბახტაძე: ვიწყებთ კრწანისის ტყე-პარკის აღდგენას და მის განვითარებას (ვიდეო)

775

ვიწყებთ კრწანისის ტყე-პარკის აღდგენას და მის განვითარებას. ჩვენ აქ შევქმნით ნამდვილ, ცოცხალ მუზეუმს, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ კრწანისის ტყე-პარკში განაცხადა, სადაც ბიომრავალფეროვნების აღგენის პროგრამის პრეზენტაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან ერთად გამართა.

“ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვერ მოვუარეთ ამ პარკს და რეალურად, მწვანე საფარი ძალიან შემცირდა. წლების განმავლობაში წარმოებულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, გარემოს დაცვის პრინციპების იგნორირებამ საკმაოდ მძიმე რეალობის წინაშე დაგვაყენა და ჩვენ დღემდე ვებრძვით ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგებს. რამდენიმე თვის წინ დავაანონსეთ ჩვენი პრიორიტეტები და ძალიან მკვეთრი აქცენტი გავაკეთეთ მწვანე პოლიტიკაზე და მის შემადგენელ მწვანე ეკონომიკაზე. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ, რომ გარემოს დაცვის პრიორიტეტულობა წარმოვაჩინოთ ყველა ჩვენს ინიციატივაში. გამწვანებაზე ფიქრი საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია და ეს არის ჩვენი გაცხადებული მიზანი.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დღეს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ეს იქნება პროექტი, რომლითაც იამაყებს არამარტო ჩვენი თაობა, არამედ მომავალი თაობები. ვიწყებთ კრწანისის ტყე-პარკის აღდგენას და მის განვითარებას. ჩვენ აქ შევქმნით ნამდვილ, ცოცხალ მუზეუმს, სადაც წარმოდგენილი იქნება არამარტო ის არსებული ფლორა და ფაუნა, რასაც ახლა ვუყურებთ, არამედ ჩვენ აქ გავაშენებთ მცენარეებს წითელი ნუსხის სიიდან.

ამავე დროს, აღდგება კრწანისის ტყე-პარკის მთავარი ფუნქცია. ეს იყო რეკრეაციული სივრცე რომელიც აკავშირებდა თბილისსა და რუსთავს და ის იქნება ღია, თუმცა იქნება შეზღუდვებიც ვინაიდან აქ გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან მინი ელექტროავტომობილით“, – განაცხადა ბახტაძემ.

ბიომრავალფეროვნების აღდგენის სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია.

Posted by მამუკა ბახტაძე Mamuka Bakhtadze on ოთხშაბათი, 01 მაისი, 2019