ქუთაისის ვიცემერი: ჩვენი მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება

878

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალურ საკითხთა სამსახურის თანადაფინანსებით, “ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების” პროგრამის განხორციელება დაიწყო.

მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, შეირჩა ორგანიზაცია “მეწარმე ქალთა ფონდი”, რომელიც აღნიშნულ პროგრამას განახორციელებს.

ორგანიზაციის წარმომადგენლებს ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე შეხვდა.

“დღეს დაიწყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება, ეს იყო ჩვენი ინიციატივა, რომელსაც ქუთაისის მერია პირველად ახორციელებს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით. ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი, რომლის საფუძველზეც შევარჩიეთ “მეწარმე ქალთა ფონდი”, ეს არის ორგანიზაცია რომელიც თავად ახორციელებს პროექტს, პროგრამას თითქმის მთლიანად აფინანსებს ქუთაისის მერია, მცირედი თანადაფინანსებით შემოდის “მეწარმე ქალთა ფონდი”, მათვე შეარჩიეს 20 მრავალშვილიანი ოჯახი. ისინი აუცილებლად რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ და ცხოვრობდნენ ქუთაისში. მოხდება შერჩეული ოჯახების წარმომადგენლების გადამზადება, ხოლო შემდეგ ეტაპზე გამოცხადდება კონკურსი და კონკურსის წესით შერჩეული ბიზნესპროექტები დაფინანსდება პროექტის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება და ეს პროგრამა პირველ რიგში ხელს შეუწყობს მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას”- განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

პროგრამის განხორციელების შედეგად, მრავალშვილიანი ოჯახები, კვალიფიკაციის ამაღლების გზით შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების განვითარებას და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.