მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2021 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება

831

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2019 წლის ოქტომბრის ნაცვლად 2021 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება. კალაძის თქმით, ტაქსების საინიციატივო ჯგუფთან მეორე პრობლემურ საკითხზეც მიღწეულია შეთანხმება და მარჯვენასაჭიანი ტაქსები “ბ“ კატეგორიაში 2020 წლის ბოლომდე დარჩებიან.

“საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი გადაწყვეტილება. მეორე თხოვნა მათი მხრიდან ეხებოდა მარჯვენასაჭიან მანქანებს. მათ აგვიხსნეს, რომ ერთი წელი, რომელიც მათ ჰქონდათ არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მომზადებულიყო მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლები, მომხდარიყო ამ ავტომობილების ჩანაცვლება და გვთხოვეს, რომ “ბ“ კატეგორიაში მარჯვენასაჭიანი ტაქსები იყოს დაშვებული. ჩვენ ამაზე დავთანხმდით და აქაც გვინდა, რომ ეს დროში ჩავკეტოთ. 2021 წლის 1 იანვრიდან უკვე ავტომატურად შევა ძალაში ის, რომ მარჯვენასაჭიანები აიკრძალება “ბ“ კატეგორიაში. მათ აქვს წელიწადნახევარი იმისთვის, რომ მოახდინონ ავტომობილების ჩანაცვლება. ჩვენი მხრიდან ეს ნაბიჯი გადადგმულია, რადგან კარგად გვესმის ამ ადამიანების და ზოგადად არსებული მდგომარეობა და ვაძლევთ შესაძლებლობას მოახდინონ ავტომობილების ჩანაცვლება და 2021 წლიდან უკვე მარცხენასაჭიანი ავტომობილებით გააგრძელონ საქმიანობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რადგან დედაქალაქის მთავრობა სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში აპირებს კიდევ არაერთი სიახლის დანერგვას.

“რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფს, რა თქმა უნდა შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, იმიტომ, რომ ეს რეფორმა არ მთავრდება დღეს. ჩვენ გვინდა, რომ ეტაპობრივად კიდევ სიახლეები შევთავაზოთ საზოგადოებას, ტაქსის მძღოლებს და გვინდა, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ მათთან კომუნიკაციის შედეგად. არც ერთ მთავრობას ეს ნაბიჯი არ ან ვერ გადაუდგამს სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის მიმართულებით. მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხდება მეტროს ვაგონების განახლება, მეტროსადგურების მოწესრიგება და მთლიანად მარშრუტების გადალაგება ხდება და ამაზე მოგვიწევს ძალიან სერიოზული კამპანიის ჩატარება, რომ მოსახლეობას, საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია, თუ როგორ მოხდება მაგალითად მიკროავტობუსების დაკავშირება მეტროსთან, როგორ მოხდება ავტობუსების და მეტროს დაკავშირება ან პირიქით. მოგვიწევს ამ საკითხებზე ძალიან დიდი კამპანიის ჩატარება, როდესაც ჩვენ უკვე მზად ვიქნებით“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტაქსის მძღოლებმა რეგულაციები რამდენჯერმა გააპროტესტეს.